Baby Bag

„უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ოცნებების ასრულება, ეს უნდა იყოს ციკლური ხასიათის,“- ზურა მხეიძის რჩევები წყვილებს

„უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ოცნებების ასრულება, ეს უნდა იყოს ციკლური ხასიათის,“- ზურა მხეიძის რჩევები წყვილებს

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ოჯახურ ურთიერთობებში წყვილს შორის რუტინისა და მოწყენილობის გადასალახად დადებითი და ძლიერი ემოციების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წყვილმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განიცადოს განსაკუთრებით ძლიერი, პოზიტიური ემოცია, რათა ურთიერთობამ სტაბილურობა შეინარჩუნოს:

„ჩვენ რუტინაში ვიხლართებით. ამიტომ ურთიერთობებმა რომ შეინარჩუნოს ის ნაწილი, რომ გადაგალახინოთ რუტინის ემოცია. უნდა ვეცადოთ, რომ წელიწადში ერთხელ გავაკეთოთ ერთმანეთისთვის რამე ისეთი, რომელიც იმდენად ჭარბ პოზიტიურ ემოციებს იძლევა, რომ მერე ერთი ან ორი წელი თანაცხოვრებისას გარკვეული ტიპის რუტინა გადაგატანინოთ. ამაზე უნდა იფიქროს ორივე მხარემ. მე რაღაც უნდა გავაკეთო, რაც მეორეს ძალიან აღაფრთოვანებს. ეს უნდა იყოს ციკლური ხასიათის. ჩვენ ურთიერთობების შეფასების დროს ვიხსენებთ ხოლმე რა გვქონდა ერთმანეთთან, რუტინას არავინ არ იხსენებს. მე მოვდიოდი სახლში და ისიც მოდიოდა სახლში, ეს არ არის გახსენების მომენტი.

ადამიანს, შენს პარტნიორს თუ კარგად იცნობ, იცი რაზე როგორ რეაგირებს, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ოცნებების ასრულება, ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ადამიანისთვის. შეიძლება თქვენთვის სულ არ არის ეს მნიშვნელოვანი. ასეთი ტიპის ემოცია, რომელიც ზემოდან გადაფარებულია რუტინული ტიპის ურთიერთობებზე, იძლევა საკვებს, რომ ურთიერთობები სტაბილური იყოს,“- აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​ტრენერთა ასოციაცია • Trainers' Association

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლის 7 შეცდომა, რომელიც ბავშვს რყვნის და ათამამებს

მშობლის 7 შეცდომა, რომელიც ბავშვს რყვნის და ათამამებს

ბავშვის მიუღებელი ქცევის გამომწვევი მიზეზი უმეტესწილად მშობლის შეცდომაა. თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი პატივისცემით გეპყრობოდეთ და გათამამებული ბავშვივით არ იქცეოდეს, მის მიმართ დამოკიდებულებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგიწევთ.

  • არ დაალაგოთ ბავშვების სათამაშო სივრცე მათ ნაცვლად

მშობლებისთვის გაცილებით ადვილია ბავშვების მიერ არეული სახლის მილაგება, ვიდრე მათთვის სათანადო ინსტრუქციების მიცემა. გირჩევთ, მოთმინება გამოიჩინოთ და თამაშის დასრულების შემდეგ ბავშვებს დავალებები მისცეთ. თითოეულ ბავშვს გარკვეული დავალება მიეცით და დაელოდეთ, როდის დაალაგებენ ისინი საკუთარ სათამაშოებს.

  • არ მისცეთ ბავშვს უფლება უპატივცემულოდ მოგმართოთ ან ბრძანებითი ტონით გესაუბროთ

ბავშვებს მანიპულაციის განსაკუთრებული უნარი აქვთ. თუ მათ სწორ მაგალითს არ მისცემთ, ისინი ყველაფერში თქვენ დაგადანაშაულებენ. როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენი შვილი სიტყვებით მანიპულირებს, მაშინვე უნდა დაიწყოთ ზრუნვა მისი ქცევის შეცვლაზე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა როლს ასრულებს ურთიერთობაში მშობელი და რა როლი აქვს მას თავად.

  • ნუ აუსრულებთ ბავშვს ყველა სურვილს

საზღვრის დაწესება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. ბავშვებს შეზღუდვები ნაკლებად მოსწონთ, მაგრამ ეს მათთვის აუცილებელია. შვილისთვის გარკვეული საზღვრების დაწესებაზე მშობლებმა ერთობლივად უნდა იზრუნონ. მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელი ონლაინ თამაშების თამაშის უფლება აქვთ შვილებს, მათ უნდა განსაზღვრონ, რომელი საკვები პროდუქტებია ბავშვებისთვის მავნებელი, რომელი ფილმების ყურება არ შეიძლება მათთვის ან როგორ ადამიანებთან მეგობრობაა საზიანო. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად შეზღუდვების რიცხვმა უნდა მოიკლოს. მშობლებმა შვილებს რეკომენდაციები და რჩევები უნდა მისცენ, თუ რა იქნება მათთვის უკეთესი.

  • ბავშვის ყველა გადაწყვეტილებას არ უნდა დაეთანხმოთ

თქვენი შვილი სპორტისთვის თავის დანებებას თუ გადაწყვეტს, მისი გადაწყვეტილების რეალური მიზეზი გამოიკვლიეთ. შესაძლოა, ის სწორად იქცევა, ამ შემთხვევაში, მას მხარი უნდა დაუჭიროთ. თუ ბავშვის გადაწყვეტილების მიზეზი სიზარმაცეა, მის გადაწყვეტილებას ნუ დაეთანხმებით. კლასგარეშე და სპორტული აქტივობები ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

  • ნუ გაამართლებთ ბავშვის ცუდ ქცევას იმით, რომ ის ბავშვია

ბავშვის უხეშობა, სხვა ადამიანისადმი გამოვლენილი უპატივცემულობა და გულგრილობა არ უნდა გაამართლოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ბავშვია. არსებობს გარკვეული ჩვევები, რომლებსაც ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად იძენს. ის ნელ-ნელა სწავლობს ცოცვას და ხოხვას. მიუხედავად ამისა, ბავშვის ასაკი მის უხეშ და უპატივცემულო ქცევას არ ამართლებს. მშობლებმა შვილის გამართლება არ უნდა სცადონ, როდესაც ის ამგვარად იქცევა.

  • დისციპლინის დადგენილ წესებს არასდროს გადაუხვიოთ

მშობელი დისციპლინის დადგენილ წესებს თუ გადაუხვევს, ის ბავშვს აგრძნობინებს, რომ მის სიტყვას ფასი არ აქვს. თუ შვილს ეუბნებით, რომ ცუდი ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, მას მის ოთახში გაუშვებთ, ასეც უნდა მოიქცეთ. თქვენი სიტყვა საქმით უნდა განამტკიცოთ.

  • თქვენი შვილის გასაკეთებელ საქმეს მის ნაცვლად ნუ გააკეთებთ

ზრდასრულ ასაკში ადამიანი დამოუკიდებელი უნდა გახდეს, რაც ძალიან რთულია, თუ მას მეტისმეტად მზრუნველი მშობლები ზრდიდნენ. თუ თქვენ ყველაფერს თქვენი შვილის ნაცვლად აკეთებთ, მას დამოუკიდებელ და თავისუფალ ადამიანად ჩამოყალიბება გაუჭირდება. ბავშვი ნელ-ნელა მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას. მას ოჯახში გარკვეული პასუხისმგებლობები უნდა დააკისროთ. თქვენს შვილს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან დიდხანს ყოფნის ნებას ნუ მისცემთ. ბავშვი შრომას უნდა მიაჩვიოთ, რათა მან დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბება შეძლოს.

მომზადებულია imom.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად