Baby Bag

როგორ მოვიქცეთ, როდესაც მოზარდი არ სწავლობს? - ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები

როგორ მოვიქცეთ, როდესაც მოზარდი არ სწავლობს? - ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები

ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა მშობლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვას უპასუხა და მოზარდის სწავლის პრობლემებთან გამკლავების გზებზე ისაუბრა:

„როგორ მოვიქცეთ, როდესაც მოზარდი არ სწავლობს? ეს არის შეკითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად სვამენ მოზარდის მშობლები. რა ვქნათ? სწავლა ხომ მნიშვნელოვანია? მშობელი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს იმასთან მიმართებაში, თუ რა უნარები აქვს მის შვილს, რა გამოსდის კარგად, რა სიამოვნებს. მან უნდა დასვას საკუთარ თავთან შეკითხვა: მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი, წარმატებული და რეალიზებული კონკრეტული მიმართულებით, თუ ის, რომ შესრულდეს გეგმა, რომელიც მან დასახა შვილთან მიმართებაში? ბავშვი არის პიროვნება. ის ვერაფრით ვერ იქნება მშობლის ასლი და მისი მოლოდინების შესატყვისი.

„მე გადავწყვიტე, რომ ასე უნდა იყოს, მუსიკაზე უნდა იაროს, ამდენი უნდა ისწავლოს,“ - აქედან ვერ გამოდიან მშობლები. ზედმეტი ძალისხმევა, თითის ქნევა, ყვირილი, აქცენტების კეთება, ძალადობრივი გამოხტომები არ არის იშვიათი. „რატომ არ სწავლობ? რა ხდება?“- ეს დავა მინიმუმამდე, როგორც კი მშობელი დაალაგებს იმ უნარებს და შესაძლებლობებს, რაც შვილს აქვს, რაც გამოსდის და მოსწონს.

თუ ყველაფერი გავაკეთე და ასპარეზი მომზადებულია იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს, შეკითხვები უნდა დავსვა: რამ გამოიწვია ის, რომ ბავშვი არ სწავლობს? უნდა მახსოვდეს, რომ ეს არის გარდატეხის ასაკი და იქ შეიძლება ბევრი ფაქტორი ცვლიდეს მოცემულობას. ბევრი ფაქტორია საჭირო იმისთვის, რომ მე მივიღო განათლებული, სწავლაზე ორიენტირებული მოზარდი. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყველა პირობას, რომელსაც მე დავსახავ, ასრულებდეს ჩემი შვილი და მაშინ ვიღებდე მას იდეალურად და წარმატებულად,”- აღნიშნა ნატა მეფარიშვილმა.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფიზიოლოგიური ხსნარის დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ," - პედიატრი მაია ჩხაიძე

„ფიზიოლოგიური ხსნარის დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ," - პედიატრი მაია ჩხაიძე

პედიატრმა მაია ჩხაიძემ მშობლებს ურჩია ჩვილებთან სურდოს შემთხვევაში ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენონ. მისი თქმით, ხსნარის დამზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია:

​ფიზიოლოგიური ხსნარი არის ჩვეულებრივი 0,9%-იანი მარილხსნარი, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებშიც დაამზადოთ. ახლა არ არის პრობლემა, გამოიძახებთ და მოგიტანენ, მაგრამ ჩემი ახალგაზრდობის დროს ასე არ იყო ხელმისაწვდომი. პროპორციულად ხსნარი 0,9 %-იანი უნდა გამოგვივიდეს, როდესაც თბილ წყალში ჩავყრით მარილს და გავამზადებთ ხსნარს.“

„ფიზიოლოგიური ხსნარი იყიდება ყველგან. ეს არ არის მედიკამენტი, ჩათვალეთ, რომ ბავშვს მარილწყალს ასხამთ. ყოველ ერთ საათში ერთხელ შეგვიძლია რამოდენიმე წვეთი ჩავასხათ ბავშვს. ​ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენება ცხვირის დასასველებლად და ლორწოვანი სეკრეტის გასათხელებლად, რომელიც უფრო ადვილად წამოვა ცხვირის ღრუდან,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად