Baby Bag

„სამწუხაროდ, ხშირად დედები შვილებს ინსტრუმენტად მოიაზრებენ სხვებთან კონფლიქტში, ეს არის საგანგაშო მდგომარეობა,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„სამწუხაროდ, ხშირად დედები შვილებს ინსტრუმენტად მოიაზრებენ სხვებთან კონფლიქტში, ეს არის საგანგაშო მდგომარეობა,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ოჯახში ჯანსაღი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დიდი ბედნიერების საწინდარია:

„წარმატებულობის და დიდი ბედნიერების საწინდარი არის ოჯახში არსებული ჯანსაღი ურთიერთობები. ოჯახი არის ურთიერთობების ფორმირების, მისი დასწავლის აკვანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორია დედის დამოკიდებულება. ბავშვები დედისგან ითვისებენ სამყაროს. დედაა სამყაროსა და ბავშვს შორის მაკავშირებელი. ხშირად როდესაც ოჯახში ურთიერთობები ვერ არის აწყობილი სათანადოდ, სამწუხაროდ დედები შვილებს ინსტრუმენტად მოიაზრებენ სხვებთან კონფლიქტში. ეს არის საგანგაშო მდგომარეობა.

მსხვერპლად იწირება რა? ასეთ ოჯახში აღზრდილ ბავშვებს აქვთ სხვებთან კავშირის განცდის დეფიციტი. ვერსად ვერ მიიღებ სულიერ სისავსეს, თუ სხვებთან კავშირის განცდა არ გაიარე. ამიტომაც აქვს ხელოვნებას უდიდესი როლი აქაც. მხატვრული ლიტერატურის კითხვის დროს არის სხვებთან კავშირის განცდის მომენტები. ეს არის პოეზიაში, მუსიკაში, ფერწერაში, თეატრში, მაგრამ განსაკუთრებული ამ თვალსაზრისით არის მხატვრული ლიტერატურა. მხატვრულ ლიტერატურას ნებისმიერი დეფიციტის შევსება შეუძლია სულიერების თვალსაზრისით. სულიერება არის ის, რითაც ადამიანი სხვებთან კავშირს განიცდის. სხვებთან კავშირის განცდით უმდიდრდება მას ეს სულიერება,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად