Baby Bag

„მოიცადე, მოვიდეს მამა!“ - რატომ არ უნდა დავემუქროთ შვილებს მამის სახლში დაბრუნებით?

„მოიცადე, მოვიდეს მამა!“ - რატომ არ უნდა დავემუქროთ შვილებს მამის სახლში დაბრუნებით?

დედები ხშირად იყენებენ გამოთქმას: „მოიცადე, მოვიდეს მამა!“ ისინი ამ ცნობილ ფრაზას ბავშვების დასაშინებლად ამბობენ, რათა ბავშვებმა არასასურველი ქცევისგან თავი შეიკავონ. მამის მოსვლით ბავშვის დაშინება ტრადიციული „ხრიკია,“ რომლის გამოყენება თანამედროვე დედებმა უნდა შეწყვიტონ.

მამა ბავშვის თვალში ცუდ ადამიანად წარმოჩინდება

როდესაც დედები შვილის დასაშინებლად ამბობენ: „მოიცადე, მამა მოვიდეს!“ ისინი ბავშვს მამის ნეგატიურ ხატს უყალიბებენ. მამა ცუდი ადამიანის როლშია გამოყვანილი. ეს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. სახლში მოსული მამა იძულებული ხდება ბავშვის ნეგატიურ ქცევებს „გაუმკლავდეს,“ რაც შვილებთან ურთიერთობას აზიანებს.

ბავშვს მამის მიმართ შიში უჩნდება

მსგავსი ფრაზების ხშირად მოსმენა ბავშვს მამის მიმართ შიშის გრძნობას უნერგავს. ბავშვს არცერთი მშობლის არ უნდა ეშინოდეს. როდესაც თქვენ მას ეუბნებით, რომ მამა სახლში მოვა და მას პრობლემები შეექმნება, ის აცნობიერებს, რომ პრობლემებს მამისგან უნდა ელოდოს, რაც ბავშვში მშობლისადმი შიშის გრძნობას აჩენს. მსგავსი ფრაზები ბავშვს მთელი დღის განმავლობაში შფოთვაში ამყოფებს. თუ ბავშვი დილით დედისთვის მიუღებელ ქცევას გამოავლენს, ის საღამომდე შიშით ელის მამის მოსვლას და როგორც კი მამა კარს შემოაღებს, ბავშვის შიში პიკს აღწევს. ეს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ზემოქმედებს.

დედა ბავშვის თვალში სუსტად გამოიყურება

როდესაც დედა ბავშვს მამის მოსვლით ემუქრება, ის ამით მას უმტკიცებს, რომ თავად არ აქვს უნარი შვილი სწორად აღზარდოს და ის დისციპლინას აზიაროს. დედა მთლიანად მამაზეა დამოკიდებული, რომელიც სახლში დაბრუნებისას არსებულ ვითარებას მარტო უნდა გაუმკლავდეს. ეს ბავშვის თვალში დედას სუსტ ადამიანად წარმოაჩენს.

მამის მოსვლით დამუქრება ბავშვს აფიქრებინებს, რომ მას დედასთან ერთად ყოფნისას ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს, რადგან დისციპლინისა და წესრიგის დამყარებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მამაა.

გირჩევთ ბავშვებს არასდროს დაემუქროთ „მამის სახლში დაბრუნებით,“ რადგან ეს დისციპლინის დამყარებაში ნაკლებად დაგეხმარებათ და ბავშვის ფსიქიკაზეც ნეგატიურად აისახება.

წყარო:​ Moms.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„ემილიას არასდროს არსად არ იწვევენ, ღონისძიებებში და აქტივობებში არის დაბლოკილი,“ - საბავშვო არხი „Emilitv-ემილი“ განცხადებას ავრცელებს

„ემილიას არასდროს არსად არ იწვევენ, ღონისძიებებში და აქტივობებში არის დაბლოკილი,“ - საბავშვო არხი „Emilitv-ემილი“ განცხადებას ავრცელებს

საბავშვო გასართობმა არხმა „Emilitv-ემილი“ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ემილიას არსად არ იწვევენ და ის ღონისძიებებსა და აქტივობებში, სამწუხაროდ, დაბლოკილია:

„მოგესალმებით, დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ამასთან დაკავშირებით... უბრალოდ გუშინ საღამოს, მთავარ ნაძვისხესთან გავიყვანეთ ბავშვები და იმხელა სიყვარული და სითბო ვიგრძენით და კითხვები თუ რატომ არსად საახალწლო კონცერტებზე თუ აქტივობებზე არ მონაწილეობს ემილია? აი ზუსტად მაგან გადამაწყვეტინა ამის დაწერა.

დარწმუნებული ვარ, კარგად იცით თუ როგორ უყვართ ემილია ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს, ემილიაც მათ მიმართ გამოხატავს ყოველთვის დიდ სიყვარულს, ვისაც კი შევხვედრივართ თუნდაც ერთხელ, კარგად მიხვდება თუ რას ვგულისხმობ.

ემილიას აქვს უკვე უამრავი სიმღერა, რომლებსაც თითო სიმღერას მილიონობით ნახვა აქვს, ბავშვებმა ეს სიმღერები იციან ზეპირად და ძალიან უყვართ. საახალწლოდ და არა მარტო საახალწლოდ მერიას და არა მარტო მერიას აქვს უამრავი აქტივობები, მაგრამ ემილიას არასდროს არსად არ იწვევენ. სამწუხაროდ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ემილია რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია თვითონ თავის ოჯახთან და მაყურებელთან ერთად, ღონისძიებებში და აქტივობებში უხეშად რომ ვთქვათ არის დაბლოკილი!

ქართველ ბავშვს, რომელსაც საქართველოში აქვს ჯამში 1 მილიარდამდე ნახვა აიგნორირებენ! შემიძლია ამაყადაც გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, მაგრამ მაინც მხოლოდ ჩვენი ძალებით კიდევ ვითარდებით. მინდა მივმართო ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, ვიცით, რომ გსურთ კონცერტი ან აქტივობები, ჩვენც გვსურს ძალიან, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ძალებით ამის ორგანიზება არის რთული და შეუძლებელი, ვინც ამას უნდა გაუწიოს ორგანიზება პირველ რიგში თქვენთვის, სამწუხაროდ უბრალოდ არ სურთ! სხვა ახსნა მე ნამდვილად არ მაქვს! იმაზე არც ვამახვილებ ყურადღებას, თუ რამდენი ქველმოქმედება აქვს ემილიას და მის ოჯახს გაკეთებული თავიანთი ძალებით და სახსრებით, რამდენიმე მეგობრის ჩართულობით.

ტელევიზიებზეც მინდა ყურადღების გამახვილება, მხოლოდ 1-2 შემთხვევის გარდა ტელევიზიებში ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობენ ემილიას და ჩვენი ოჯახის ცუდად წარმოჩენას! რაზეც ყოველთვის თავშეკავებული ვუსმენდი და ვპასუხობდი. ამის შემდეგ თუ საერთოდ მოვალთ ტელევიზიაში გპირდებით, რომ არაადეკვატურ კითხვებზე და დისკრიმინაციისკენ მიმართულ კითხვებს ვუპასუხებთ უკვე ადეკვატურად როგორც დაიმსახურებთ!კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს მაყურებელს, მსმენელს და მთლიანად საქართველოს, მადლობა სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის! გილოცავთ კიდევ ერთხელ შობა-ახალ წელს, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად