Baby Bag

„ცოლ-ქმრულ ურთიერთობას სჭირდება სულის შებერვა, აუცილებელია რომანტიკული საღამოები, შიდა რიტუალები,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ცოლ-ქმრულ ურთიერთობას სჭირდება სულის შებერვა, აუცილებელია რომანტიკული საღამოები, შიდა რიტუალები,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში რომანტიკისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როგორც კოცონს სჭირდება სულის შებერვა, ისე სჭირდება ურთიერთობას, მით უფრო ცოლ-ქმრულ ურთიერთობას. ამისთვის უნდა გავისარჯოთ. ზოგს ჰგონია, რომ გავთხოვდი და მორჩა. მხოლოდ ზღაპრებშია, რომ გათხოვდა და სამუდამოდ ბედნიერია. ოჯახში აუცილებელია შიდა რიტუალები, რომანტიკული საღამოები, 2-3 დღის წასვლა კურორტზე, განრიდება ყველასგან, მარტო ყოფნა, ერთმანეთის თვალებში ჩახედვა, მოსმენა, მეტი კონტაქტი.

ამას წინათ ერთ ბიჭს ვკითხე, რა ფერის თვალები აქვს შენს ცოლს-მეთქი და ვერ მიპასუხა. არ დავკვირვებივარო. როგორ ვცხოვრობთ, რომ თვალებშიც კი არ ჩაგვიხედავს ერთმანეთისთვის და თვალის კონტაქტიც არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია პატარ-პატარა შიდა დღესასწაულები. ქალიც და მამაკაციც ყოველთვის უნდა იყოს რაღაცით მომხიბვლელი.

რას ნიშნავს ფუნქციური ოჯახი? როდესაც ოჯახი იქმნება, ორი სხვადასხვა ადამიანი ხვდება ერთმანეთს, განსხვავებული ოჯახებიდან. თუ ადამიანმა, პირველ რიგში, თავის თავზე არ იმუშავა, ძალიან უჭირს ურთიერთობა. თავიდან, როდესაც ეიფორიაშია, ბევრ პრობლემას ვერ ხედავს. დრო რომ გადის, ეჯახება რაღაც ისეთს, რაც მისთვის გაუგებარი და მიუღებელია. იწყება ურთიერთბრალდება, შეურაცხყოფა, უპატიებლობა, წამოძახება, მუდმივი დიდაქტიკური ტონი: მე ასეთი მინდოდა, მე ეს არ მეკადრება, ჩემი ქმარი ასეთი უნდა იყოს, ჩემი ცოლი ისეთი. წყვილი სივრცეს არ აძლევს ერთმანეთს. ფუნქციური ოჯახი ნიშნავს სიყვარულით შექმნილ ოჯახს, სადაც არის ღირებულებითი თახნვედრა. მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია წყვილს ემპათიურობა, რამდენად შემიძლია, რომ მიუხედავად ყველაფრისა პატივი ვცე მას, არ ვცადო მისი გადაკეთება. პატივისცემა არის უალტერნატივო,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად