Baby Bag

„არიან ბავშვები, რომლებიც ისეთ სასათბურე პირობებში იზრდებიან, რომ არ წაქცეულან არასდროს,“- ფსიქოლოგი ანა მიქიაშვილი

„არიან ბავშვები, რომლებიც ისეთ სასათბურე პირობებში იზრდებიან, რომ არ წაქცეულან არასდროს,“- ფსიქოლოგი ანა მიქიაშვილი

ფსიქოლოგმა ანა მიქიაშვილმა ბავშვისთვის დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„დიდ ასაკში, როდესაც ადამიანები არიან სრულწლოვანები, დამოუკიდებლები, მათ ბევრი ფსიქოლოგიური სირთულე აქვთ იმის გამო, რომ ზედმეტად დამოკიდებულები არიან მშობლებზე. დამოუკიდებლობა შეიძლება იყოს ფინანსური, სოციალური, გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლობა, ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობა, მშობლებისგან გამოცალკევება. დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ზუსტ ზღვარს ვერ გავავლებთ. 18 წელი არ არის ის საზღვარი, რომლის გადაბიჯების შემდეგ მეორე დღეს ფინანსურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ადამიანი.

დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება იწყება სრულიად პატარა ასაკიდან. ფსიქოლოგიაში სხვადასხვა მიდგომა ითვალისწინებს იმას, რომ თუნდაც საკუთარი საწოლიდან დამოუკიდებლად ჩამოსვლა ვასწავლოთ ბავშვს, მას ისეთი საწოლი ან სათამაშო კუთხე მოვუწყოთ, სადაც მაქსიმალურად დამოუკიდებელი იქნება. დამოუკიდებლობის ხელშეწყობა ძალიან პატარა ასაკიდან იწყება, თუნდაც წარუმატებლობის შიშთან გამკლავება. ბავშვს პატარა ასაკიდანვე უნდა ჰქონდეს გამოცდილებაში ის, რომ დაეცა და ადგა თავისით. არიან ბავშვები, რომლებიც ისეთ სასათბურე პირობებში იზრდებიან, რომ არ წაქცეულან არასდროს, არ გაფუჭებიათ არაფერი, არ გახევიათ არაფერი, იმდენად ჰიპერმზრუნველები არიან მის მიმართ ოჯახში. „ოღონდ შენ არაფერი დაგემართოს,“ „ოღონდ შენ პირში არ ჩაიდო,“ „ცუდად არ გახდე,“ - როდესაც ზედმეტ მზრუნველობას იჩენენ მშობლები ბავშვის მიმართ, მოზრდილ ასაკში პატარ-პატარა წარუმატებლობისთვის მზად არ არის ადამიანი.

შეიძლება ასეთ ადამიანს გაუჭირდეს ისეთ რისკზე წასვლა, როგორიც არის სამსახურის შეცვლა, პროფესიის შეცვლა, ახალი რამის მოსინჯვა. ისინი არ არიან მიჩვეული დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას. მშობლებისთვის ძალიან კომფორტულია როდესაც თვითონ იღებენ ბავშვებისთვის გადაწყვეტილებას. ბავშვი როდესაც ძალიან დამჯერია, ითვლება, რომ ის არის საოცრად კარგი შვილი. სამწუხაროდ, თავად ამ ბავშვისთვის მოზრდილ ასაკში მეტი სირთულეა ხოლმე. მან არ იცის საკუთარი აზრი როგორ დაიცვას, როგორ გამოხატოს. ზოგ შემთხვევაში მას აღარც აქვს საკუთარი აზრი, იმიტომ, რომ მშობლები წყვეტენ მის ნაცვლად ცურვაზე იაროს თუ კალათბურთზე, როგორი შარვალი მოსწონს და ა.შ.“- მოცემულ საკითხზე ანა მიქიაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

უკრაინელი ქალი, რომელიც კიევის მახლობლად შვილთან ერთად ცხოვრობს მედიასთან საუბარში იმ მძიმე ეტაპის შესახებ ყვება, რომლის გადატანაც ბავშვთან ერთად უწევს. 41 წლის მარინა მასწავლებელია. მისი ქალიშვილი სოლომია 8 წლის გოგონაა და ომთან დაკავშირებით დედას უკვე რთულ კითხვებს უსვამს.

„ის ყოველთვის მეკითხება: დედა, თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ? ჩვენ ხომ უკრაინელები ვართ და უკრაინულად ვლაპარაკობთ. ასე რატომ ბრაზობენ ჩვენზე?“- ამბობს აღელვებული დედა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სოლომიას სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

„პუტინი შეშლილი კაცია. ის მანიაკია. უკრაინის შემდეგ ის არ გაჩერდება. შემდეგი ესტონეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სხვა ქვეყნები იქნებიან,“ - აღნიშნავს მარინა.

მარინას თქმით, მას ქალაქიდან გასვლა ამ ეტაპზე არ შეუძლია, რადგან გზების ნაწილი ჩაკეტილია, დანარჩენ გზებზე კი საშინელი საცობებია.

„არ ვიცი ჩემი შვილი ხვალ ან ზეგ უსაფრთხოდ იქნება თუ არა,“- წუხს სოლომიას აღელვებული დედა.

წყარო: ​wfaa.com

წაიკითხეთ სრულად