Baby Bag

როგორ გავავარჯიშოთ ბავშვის ნებისყოფა? - ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას რეკომენდაციები მშობლებს

როგორ გავავარჯიშოთ ბავშვის ნებისყოფა? - ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლების მიერ ბავშვის დასჯისა და წახალისებისას დაშვებული შეცდომების შესახებ ისაუბრა:

„როდესაც დედა ემუქრება შვილს: „იცოდე, თუ ამას არ გააკეთებ, მე წავალ.“ ეს არის მუქარა, რომელიც ბავშვისთვის არის ყველაზე სახიფათო და ყველაზე არასასურველია. დასჯის სახით ჩვენ ხშირად ვიყენებთ მუქარას, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ. როდესაც ბავშვს რაღაც უფუჭდება და ვეკითხებით: რატომ? ეს ისეთი კითხვაა, რომელსაც ბრძენი ვერ უპასუხებს. თუ ბავშვს გაკვირვებით ვეუბნებით: „ეს შენ როგორ მოგივიდა?“ ეს არის ქვემოდან შეცურებული შეტყობინება, რომ მე შენ გენდობი და შენ შეგიძლია, ეს შემთხვევითობაა მხოლოდ.

ბავშვს ყოველთვის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი საქციელი და თვითონ ერთმანეთისგან გამიჯნულია. ბავშვი ყოველთვის კარგია, ყოველთვის საყვარელია. მისი ქცევა მისაღებია ან არ არის მისაღები. არა შანტაჟი, არა მუქარა, არამედ ყოველთვის ბავშვის პერსონა თავის ადგილზე მყარად მდგომი, სიყვარულის ობიექტი შენი მხრიდან, რომ მან განიცადოს თავისი თავის მნიშვნელობა.

თუ არ მოგვწონს ქცევა, მისი ქცევა, მისი ქმედება უნდა იყოს დაწუნებული. ბავშვთან რაღაც პირობებზე შევთანხმდეთ, როდის შეიძლება რაღაც გავაკეთოთ და თუ ის არ გააკეთებს რაღაცას, ის არ მიიღებს მხოლოდ იმას, რაც მას ძალიან უყვარს. დასჯის დროს ბავშვს ვართმევთ იმას, რაც მას ძალიან უყვარს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მუდმივად, არამედ გარკვეულ პერიოდამდე. როდესაც შენ რაღაცას გააკეთებ, რა თქმა უნდა, ისევ მიიღებ. როდესაც ბავშვი ამბობს, რომ დილით თვითონ გავიღვიძებ და ავდგები, ვეუბნებით: თუ შენ დილით გაიღვიძებ შენით მთელი კვირის განმავლობაში ისე, რომ მე არ დამჭირდება შენი გაღვიძება, მეექვსე დღეს შენ მიიღებ ამას. ერთჯერადად არ უნდა იყოს ასე, რომ ერთხელ გააკეთა და დაჯილდოვდა, იმიტომ, რომ მას გამოუმუშავდეს ჩვევა. ეს არის ერთგვარი ნებისყოფის ვარჯიში,“ - აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.

წყარო:​ შენთვის I ForYou

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად