Baby Bag

„არ შეიძლება მუდმივად ერთი საქმის კეთება! გადართვა არის აუცილებელი,“- ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე

„არ შეიძლება მუდმივად ერთი საქმის კეთება! გადართვა არის აუცილებელი,“- ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე

ფსიქოთერაპევტმა ლალი ბადრიძემ ადამიანისთვის დასვენებისა და ძალების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„შრომის განწყობაზე რომ ვიყოთ, უნდა დავისვენოთ. როდესაც სულ მუდამ იმ რეჟიმში ხარ, რომ მუშაობ, დაკავებული ხარ და დღე და ღამე გასწორებული გაქვს, შრომის უნარიანობა ძალიან იკლებს. თუ ჩვენს უფროსებს გავაგებინებთ, რომ აუცილებლად გვჭირდება დასვენება იმისთვის, რომ ჩვენი შრომისუნარიანობა უფრო მაღალი იყოს, მაშინ, ალბათ, მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ დავისვენოთ. შაბათ-კვირა ხომ გვაქვს, არა? ის შაბათი და კვირა გამოვიყენოთ დასვენებისთვის. არსებობს აქტიური და პასიური დასვენება. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა. უნდა შეგვეძლოს ჩვენი სხეულის მოსმენა. ზოგჯერ მინდა, რომ დავწვე და არაფერი არ ვაკეთო, ზოგჯერ მინდა, რომ კლუბში წავიდე, გავისეირნო. მოვუსმინოთ საკუთარ თავს და დავისვენოთ ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს.

ძალიან სწორია, რომ მუშაობის პროცესში ზოგჯერ ტელეფონში იყურება ადამიანი. არ შეიძლება მუდმივად ერთი საქმის კეთება. გადართვა არის აუცილებელი. ერთი საათი მუშაობ და 5 წუთი გადაერთვები სადღაც. ასე შრომის ნაყოფიერება უფრო მაღალია და მეც უფრო ვისვენებ. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „მე არ ვიღლები, სულ ენერგიული ვარ, სულ შემიძლია.“ სინამდვილეში აჟიტირებულია ეს ადამიანი. ბავშვებზე იციან ხოლმე, დაჰყავთ ინგლისურზე, ფრანგულზე, ხატვაზე, ცეკვაზე და არ იღლებაო, შეუძლიაო ბავშვს, ამბობენ. განა არ იღლება ბავშვი, აჟიტირებულია უბრალოდ. ამ დროს დასვენება გჭირდებათ აუცილებლად. როგორი ფორმით, ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ,“- მოცემულ საკითხზე ლალი ბადრიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო:​ „პოსტ ალიონი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად