Baby Bag

„ძალიან გთხოვთ ყველას, ვინც მსგავს სიტუაციას დაინახავთ, ვაცადოთ მშობელს მასთან გამკლავება,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

„ძალიან გთხოვთ ყველას, ვინც მსგავს სიტუაციას დაინახავთ, ვაცადოთ მშობელს მასთან გამკლავება,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა ბავშვის ჭირვეულობასთან გამკლავების სწორ მიდგომებზე ისაუბრა:

„ბავშვის ჭირვეულობის დროს მშობელმა რა უნდა გააცნობიეროს? დიდების შემთხვევაშიც ასეა ეს, რომ ჩემში არსებული ემოცია ვერ დავიკავე, სადღაც მინდა წავიღო, ამიტომ სრულიად შემთხვევით ადამიანს შეიძლება ეჩხუბო, რომელსაც არაფერი არ გაუფუჭებია. როდესაც მშობელი ვარ, ვაცნობიერებ, რომ ახლა, იმის გამო, რომ ამ სიტუაციას ვერ ვმართავ, ამაზე ვბრაზობ. ამის გამო ეს ჩემი ბრაზი ისევ ამ ბავშვზე უნდა გადმოვიტანო. რა თქმა უნდა, სიტუაციის ესკალაცია არის. წარმოიდგინეთ 3 წლის არსება, რომლის მთელი სამყარო არის მშობელი, რომელიც ფიზიკურად არის მასზე ბევრად დიდი. ის დგას და კიდევ ზემოდან ეჩხუბება ბავშვს. თან ამით ველოდებით, რომ ის დამშვიდდეს. გამორიცხულია ის ამით დამშვიდდეს. ვერ დამშვიდდება.

ჩვენთან კულტურულად ასეა, რომ თუ მშობელი ბავშვის მსგავს ქცევას იგნორირებას უკეთებს და არ ეჩხუბება, ქუჩაში გამვლელი, ტრანსპორტში მყოფი ადამიანი იწყებს მშობლისთვის შენიშვნის მიცემას. ეს მშობელს კიდევ უფრო უმატებს შფოთვას. ბავშვი ასეთ დღეშია, ვერ ვმართავ და ე.ი. ცუდი დედა ვარ, ამიტომ კიდევ უფრო ბრაზდება. მშობელი იმათზე ბრაზდება სინამდვილეში, ვინც შენიშვნა მისცა და იმათ ნაცვლად ბავშვს ეჩხუბება. ძალიან გთხოვთ ყველას, ვინც მსგავს სიტუაციას დაინახავთ, ვაცადოთ მშობელს მასთან გამკლავება. ჩვენს ქვეყანაში ძალადობას რომ ხედავენ იმაზე არ რეაგირებენ ასე მწვავედ და რეაგირებენ, როდესაც მშობელი ადეკვატურად იქცევა. თუ მშობელი ბავშვს უკეთებს იგნორირებას და ამ დროს მისი უსაფრთხოება არის დაცული, ვაცადოთ, რომ ბავშვი თავად დამშვიდდეს, ან მშობელმა გამოიყენოს ის სტრატეგიები, რომელიც იცის, რომ მუშაობს ბავშვთან,“- მოცემულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად