Baby Bag

ბავშვმა გატეხა ქოთანი, გააფუჭა ყვავილი ... როგორ მოიქცევა ამ დროს ბრძენი მშობელი? - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვი არასდროს გამოაცხადონ დამნაშავედ და მას მოსამართლის პოზიციიდან არ ესაუბრონ:

„ბავშვი სულ „აშავებს.“ ბავშვი „ყოველთვის დამნაშავეა." არასდროს ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ამიტომ ის ჩვენთვის სულ დამნაშავეა. ისე არ დგება, ისე არ ჯდება, როგორც ჩვენ გვინდა. ბავშვს დამნაშავედ ნუ გამოაცხადებთ, თუ მან რამე დააშავა. რა დააშავა ბავშვმა? ცუდი სიტყვა თქვა? რაღაც გატეხა? რა ვითარებაში მოხდა ეს? დანაშაული ყოველთვის დანაშაული კი არ არის. როდესაც დააკვირდები, აღმოჩნდება, რომ კიდევაც ასე უნდა მომხდარიყო. ეს შედეგია რაღაც მიზეზის. ბავშვები დამნაშავეებად არასდროს არ მიიჩნიოთ, არც დამნაშავის ენით ელაპარაკოთ. „არ გრცხვენია?“ - ეს მოსამართლის ლაპარაკია.

არ მივიყვანოთ საქმე იქამდე, რომ ბავშვს ჩვენგან შენიშვნა სჭირდებოდეს. ხომ იცით მას რა მიდრეკილებები აქვს. წინ დაუდექით, რაღაც მოაცილეთ, წინასწარ დაარიგეთ, დაიცავით ბავშვი. გავუსწროთ მოვლენას წინ, ვიდრე მოვლენა მოხდება. ეს არის ბრძენი დედისა და მამის საქმე, მაგრამ თუ მაინც რაღაც მოხდა, ბავშვმა ფანჯრის რაფიდან ქოთანი გადმოაგდო, გატყდა ქოთანი, ყვავილი გაფუჭდა, როგორ მოიქცევა დედა? ერთი ატეხავს წივილ-კივილს: „რამდენჯერ გითხარი? რატომ მიხვედი იქ? რატომ წამოჰკარი ხელი? რატომ არ ხარ ფრთხილი? რა ვქნა? როგორ გაგზარდო? როგორ გაგაგებინო?“ ატირდება დედა თვითონ. ქოთანი ხომ გატყდა უკვე? ჩვენ ბავშვს უნდა შევუქმნათ ქცევის ხატი, ჩვენი მოთმინების ხატი. მივიდეთ ყვავილთან და ვთქვათ: „როგორ მიყვარდი, რა ვქნათ ახლა? იქნებ გადაგარჩინოთ?!“ ბავშვს უთხარით: „მოდი, დამეხმარე, ჩემო ძვირფასო. აბა ფრთხილად, მიდი, ჭიქა მომიტანე.“ არ ვადანაშაულებთ ბავშვს.

მე ისე ვტირი ამ ყვავილზე, რომ ბავშვს მე ვეცოდები. ის აქეთ დამამშვიდებს, აქეთ მოუვლის ყველაფერს. რომ მიაყენო კედელთან და ურტყა, ბავშვი გაიგებს ამას?! ვერ გაიგებს! რა ვქნათ ახლა?! მოხდა ეს! ამაზე ჭკუა უკვე ისწავლა ბავშვმა. მე მინდა მას ხატი გავუჩინო, რომ შეგინდე, მიგიტევე. ბავშვი დამნაშავის როლში არასდროს არ დააყენოთ,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ არასდროს სიმპტომები - გიორგი ჩიჩუას რეკომენდაცია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ გადაცემაში „მთავარი ექიმი“ სიმპომების გამომწვევი დაავადების დასადგენად Google-ის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

როდესაც Google-ის მეშვეობით ვცდილობთ მოვძებნოთ საკუთარი სავარაუდო დიაგნოზი, შანსი იმისა, რომ ის სწორი აღმოჩნდეს დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და არა სამედიცინო მონაცემებზე.

მე ჩამოგითვლით 5 მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ სიმპტომები.

1. ინტერნეტში სიმპტომების გამუდმებით ძიება იწვევს შფოთვით აშლილობას.

2. ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის სიზუსტე საკმაოდ საეჭვოა.

3. თქვენ კარგავთ დროს, რომელიც შეგეძლოთ გამოგეყენებინათ სამკურნალოდ.

4. ინტერნეტში ხშირად შეხვდებით საშიშ რჩევებს.

5. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, ექიმები ტყუილად არ არსებობენ. როგორც იცით, სამედიცინო განათლების მიღება ყველაზე ხანგრძლივი პროცესია და ეს არ ხდება უმიზეზოდ. თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამიტომ ნუ ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას არაპროფესიონალებს."

წყარო: ​„მთავარი ექიმი“

წაიკითხეთ სრულად