Baby Bag

„ბავშვს თუ შეეშალა, შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები... რა მოხდა მერე?! უნდა გჯეროდეს, რომ ის გააკეთებს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვს თუ შეეშალა, შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები... რა მოხდა მერე?! უნდა გჯეროდეს, რომ ის გააკეთებს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებთან შემეცნებით და სწავლების სფეროში ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

„ჩვენ ვართ ძალიან მკაცრები და შეუბრალებლები შემეცნებით და სწავლების სფეროში და სრულიად პლასტელინივით უფორმოები ქცევით-ემოციურ სფეროში. ბავშვს რომ მუქარის ტონით ვესაუბრებით, მას ვაგრძნობინებთ, რომ შენ არ ხარ კომპეტენტური, შენ არაფერი არ შეგიძლია. შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ, მე შენ ასეთს არ გიღებ. შენ, მშობელი ხარ ავტორიტეტი მისთვის. შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელსაც იმედს გიცრუებს. კიდევ უფრო შფოთვა აქვს მას ამ დროს და კიდევ უფრო ვერ გააკეთებს რაღაცას.

მუქარები და მსგავსი ტექსტები სწავლების პროცესში არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვები წავახალისოთ. არ ვეუბნებით მას, რომ ყველაფერი შეგიძლია, შენ ყველაზე მაგარი ხარ. ამას არ ვეუბნებით. ჩვენ მას ვეუბნებით, რომ შენ შეგეშალა. რა მოხდა მერე?! შენ უნდა გჯეროდეს ამის. შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები. შენც უნდა გჯეროდეს ამის, მაგრამ არ გჯერა, იმიტომ, რომ შენც ნერვები გეშლება, რომ შეეშალა. რა მოხდა მერე?! შენ ხომ ისწავლე ველოსიპედის ტარება. ხომ არ იცოდი და ხომ იცი ახლა?! ისიც ასეა. მოდი, აბა კიდევ ვცადოთ. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ბავშვს შეეშალა, მაგრამ გვჯერა, რომ გააკეთებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საერთოდ პედაგოგიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი არის ის, რომ ჩვენ გვჯერა,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „დიალოგოსი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როდესაც ბავშვები შიშვლები დადიან ყველას თვალწინ და ამის გამო სირცხვილის, მორიდების გრძნობა არ აქვთ - არის თუ არა ეს პრობლემა, რა შეიძლება იყოს მიზეზი?

როდესაც ბავშვები შიშვლები დადიან ყველას თვალწინ და ამის გამო სირცხვილის, მორიდების გრძნობა არ აქვთ - არის თუ არა ეს პრობლემა, რა შეიძლება იყოს მიზეზი?

როდესაც ბავშვები (ბაღის და სკოლის დაწყებითი კლასის) შიშვლები დადიან ყველას თვალწინ და ამის გამო სირცხვილის, მორიდების გრძნობა არ აქვთ. არის თუ არა ეს პრობლემა, რა შეიძლება იყოს მიზეზი? - ამ საკითხზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პრაქტიკოსი ქცევითი თერაპევტი, სუპერვაიზერი, ფსიქოლოგიის მაგისტრი მაკო გაგნიძე.

,,თავდაპირველად, როდესაც რაიმე ქცევაზე გვაქვს საუბარი მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ რა არის ქცევა. ქცევა არის ინდივიდის მიზანმიმართულად განხორციელებული აქტივობა, რომელსაც გააჩნია მიზანი და ფუნქცია. ასევე, უნდა გავუსვათ ხაზი, თუ რა არის და რა აღიქმება რთულ ქცევად, რომელთა რიგსაც თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაში მოყვანილი ქცევაც მიეკუთვნება. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის განმარტებით რთული ქცევა არის: ,,ქცევა რომელიც საშიშია ან ხელს უშლის ადამიანს სკოლამდელ, საგანმანათლებლო ან ზრდასრულთა მომსახურების სერვისებში მონაწილეობას და ხშირად საჭიროებს სპეციალური ინტერვენციების შემუშავებას და გამოყენებას.“ აბსოლუტურად ყველა ქცევას აქვს მიზანი, ფუნქცია. აღვნიშნავ იმასაც, რომ ერთი და იგივე ქცევას შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა მიზანი, ფუნქცია. ქცევის წინაპირობები შეიძლება იყოს: იმედგაცრუება, ტკივილი, წყენა, შიში, სენსორული დეზინტეგრაცია, შფოთვა, დაღლა, შიმშილი, კომუნიკაციის სირთულე და ა.შ. “

- როდესაც ბავშვები (ბაღის და სკოლის დაწყებითი კლასის) შიშვლები დადიან ყველას თვალწინ და ამასთან მიმართებით სირცხვილის, მორიდების გრძნობა არ აქვთ. არის თუ არა ეს პრობლემა, რა შეიძლება იყოს მიზეზი?

აღნიშნული ქცევის მიზეზი და ფუნქციაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა იყოს სხვადასხვა, მაგალითად, გარემო პირობები (სიცხე, ფიზიკური დისკომფორტი) ყურადღების მიპყრობის სურვილი, არასასურველი აქტივობისგან გაქცევის მცდელობა, სექსუალური ქცევა (გახდა მასტურბაციის მიზნით) სენსორული დეზინტეგრაცია და ა.შ.

- როგორ უნდა მიუდგეს მშობელი?

- ქცევის მართვა არ არის: ყვირილი, მუქარა, სიმკაცრე ან ყველაფრის შესრულება. აღნიშნულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს თუ რა არის ქცევის ფუნქცია, ასეთ დროს უნდა შეგროვდეს მონაცემი, რომელსაც ჩვენ ქცევითი თერაპევტები ABC მოდელს ვეძახით. ABC ანუ (Antecedent-Behavior-Consequence) წინაპირობა, ქცევა, შედეგი. აქედან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ქცევის მიზანი, ფუნქცია და შესაბამისად განხორციელდეს მუშაობა. განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი, თუკი ჩანაწერის მონაცემებით გამოვლინდა რომ მიზეზი არის სენსორული დეზინტეგრაცია (არ მოსწონს, ვერ ეგუება ტანსაცმლის სტრუქტურას) მაშინ ბავშვი უნდა შეაფასოს სენსორულმა თერაპევტმა, თუ საჭიროება მოითხოვს უნდა დაიწყოს მუშაობა ან მისცეს მშობელს რეკომენდაცია. თუკი მიზეზად გამოვლინდება ყურადღების მიპყრობა, მაგალითად, გაიხადა ტანსაცმელი და ყველა მას უყურებს, ზოგი იცინის, ზოგს უკვირს. მასწავლებელის და მომვლელის ყურადღებაც მისკენაა მიპყრობილი, როცა მანამდე ასეთ ინტერესს მის მიმართ არავინ იჩენდა, (წინაპირობა: ყურადღების მიქცევის სურვილი, ყურადღების ცენტრში ყოფნა. ქცევა: გახდა. შედეგი: მიიქცია ყურადღება, ანუ ქცევამ შედეგი გამოიღო, განმტკიცდადა განმტკიცებული ქცევის მომავალში ხშირად გამოვლენის ალბათობა ძალიან დიდია). განვმეორდები და ვიტყვი რომ გახდის ქცევას შესაძლოა ჰქონდეს ბევრი სხვადასხვა ფუნქცია, მიზანი. რამდენი ინდივიდიცაა იმდენნაირი და განსხვავებული მიზეზი არსებობს, რადგან ყველას გააჩნია ინდივიდუაური მახასიათებლები. ასეთ დროს, სპეციალისტის დაგეგმარებით უნდა გაკეთდეს ჩანაწერები, ქცევითი თერაპევტის რეკომენდაციით დაიგეგმოს სტრატეგია და დაიწყოს ქცევის ჩაქრობაზე მუშაობა. გაეცნოს მშობელს, ასევე ბაღის ან სკოლის პერსონალს, რომ ქცევის გამოვლენის შემთხვევაში ყველამ ერთნაირი მიდგომა იქონიონ. როდესაც ქცევა არ განმტკიცდება, ასე ვთქვათ არ წახალისდება ნელ-ნელა იკლებს და საბოლოოდ კი საერთოდ გაქრება.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად