Baby Bag

„სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან,“- ფსიქოლოგი სოფო მახარაძე

„სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან,“- ფსიქოლოგი სოფო მახარაძე

ფსიქოლოგმა სოფო მახარაძემ მოზარდობის ასაკში ბავშვის ფსიქიკაზე სასკოლო სივრცის უდიდესი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„მოზარდობის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ სასკოლო სივრცე. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მიწევს შეხება მოზარდებთან. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან. ეს არ ეხება ყველა სკოლას და ყველა პედაგოგს. ჩვენ გვყავს უამრავი მასწავლებელი, რომელიც აბსოლუტურად პირნათლად ასრულებს თავის პასუხისმგებლობას, მაგრამ სამწუხაროდ ბევრია ასეთი შემთხვევები.

საყოველთაო შერცხვენები, საჯარო გაკრიტიკება ბავშვის, პირად, სენსიტიურ თემებზე საჯარო შეურაცხმყოფელი შეხება ბავშვს საკუთარი თავის მნიშვნელობას აკარგვინებს. სკოლის ფუნქცია არ არის მხოლოდ განათლების მიცემა, არამედ მასწავლებლის ფუნქცია არის ყოველ მოსწავლეში უნიკალურის, პერსონალურის აღმოჩენა და წინ წამოწევა. სამწუხაროდ, სკოლა ხშირ შემთხვევაში ამ ფუნქციას ვერ ასრულებს დღეს.

გარდამავალ ასაკში უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვი იყოს ჩართული ცოდნის მიღების პროცესში, ის ამ პროცესიდან სიამოვნებას იღებდეს და ამ პროცესში საკუთარ თავს გამოხატავდეს. თუ ბავშვი საკუთარ თავს კონსტრუქციულ პროცესში გამოხატავს, ის არასდროს არ წავა, არ ჩაიკეტება და არ ჩაებმება თამაშებში, არასდროს არ მოიხმარს ნარკოტიკს. იქ, სადაც ადამიანი გამოხატავს საკუთარ თავს, მას არ უჩნდება ეს იმპულსი საკუთარი თავის დესტრუქციისა. სკოლის პასუხისმგებლობაა, რომ სასწავლო პროცესი იყოს პროცესზე ორიენტირებული და არა შედეგზე, ნიშანზე, მასწავლებლის მაამებლობაზე, კარგი სამსახურის შოვნაზე. განათლებამ თავისი სულიერი კომპონენტი დაკარგა, მხოლოდ მატერიალური დარჩა მას,“- მოცემულ საკითხზე სოფო მახარაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი ხელსაწყოები

სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი ხელსაწყოები

ელექტრონულ ბიბლიოთეკა el.ge-ზე უკვე 22 ათასი რესურსია ატვირთული.

ვებგვერდზე განთავსებულია:

  • ელექტრონული წიგნები;
  • თემატური ვიდეოები და სტატიები;
  • ფოტო და აუდიო მასალები;
  • გამოყოფილია სივრცე ბლოგის, ვებინარების და სხვადასხვა მიმართულების პროექტისთვის.

რესურსები ასევე მოიცავს სკოლებისთვის საგნობრივ, დამხმარე სახელმძღვანელოებსაც, ვიდეო და აუდიო გაკვეთილებს, სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილ მრავალფეროვან ვიდეო ილუსტრაციებს, სახელმძღვანელოებს მოსწავლეებისთვის, მელოდიებს, საინტერესო-შემეცნებით სტატიებს, ქართულ და უცხოენოვან ლიტერატურას.

პლატფორმას, დისტანციური სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, დაემატა ლექცია-ვებინარები როგორც ქართულენოვანი, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის. გარდა ამისა, საგანმანათლებლო პროექტის „iსკოლის“ ფარგლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს საშინაო დავალებების კრებულების ნახვა და გადმოწერაც შეუძლიათ.

აღნიშნულ საიტზე ასევე შეგიძლიათ დისტანციური სწავლებისას ​სასწავლო პროცესში გამოსაყენებელ ხელსაწყოებს გაეცნოთ. 

წაიკითხეთ სრულად