Baby Bag

„სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან,“- ფსიქოლოგი სოფო მახარაძე

„სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან,“- ფსიქოლოგი სოფო მახარაძე

ფსიქოლოგმა სოფო მახარაძემ მოზარდობის ასაკში ბავშვის ფსიქიკაზე სასკოლო სივრცის უდიდესი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„მოზარდობის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ სასკოლო სივრცე. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მიწევს შეხება მოზარდებთან. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან. ეს არ ეხება ყველა სკოლას და ყველა პედაგოგს. ჩვენ გვყავს უამრავი მასწავლებელი, რომელიც აბსოლუტურად პირნათლად ასრულებს თავის პასუხისმგებლობას, მაგრამ სამწუხაროდ ბევრია ასეთი შემთხვევები.

საყოველთაო შერცხვენები, საჯარო გაკრიტიკება ბავშვის, პირად, სენსიტიურ თემებზე საჯარო შეურაცხმყოფელი შეხება ბავშვს საკუთარი თავის მნიშვნელობას აკარგვინებს. სკოლის ფუნქცია არ არის მხოლოდ განათლების მიცემა, არამედ მასწავლებლის ფუნქცია არის ყოველ მოსწავლეში უნიკალურის, პერსონალურის აღმოჩენა და წინ წამოწევა. სამწუხაროდ, სკოლა ხშირ შემთხვევაში ამ ფუნქციას ვერ ასრულებს დღეს.

გარდამავალ ასაკში უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვი იყოს ჩართული ცოდნის მიღების პროცესში, ის ამ პროცესიდან სიამოვნებას იღებდეს და ამ პროცესში საკუთარ თავს გამოხატავდეს. თუ ბავშვი საკუთარ თავს კონსტრუქციულ პროცესში გამოხატავს, ის არასდროს არ წავა, არ ჩაიკეტება და არ ჩაებმება თამაშებში, არასდროს არ მოიხმარს ნარკოტიკს. იქ, სადაც ადამიანი გამოხატავს საკუთარ თავს, მას არ უჩნდება ეს იმპულსი საკუთარი თავის დესტრუქციისა. სკოლის პასუხისმგებლობაა, რომ სასწავლო პროცესი იყოს პროცესზე ორიენტირებული და არა შედეგზე, ნიშანზე, მასწავლებლის მაამებლობაზე, კარგი სამსახურის შოვნაზე. განათლებამ თავისი სულიერი კომპონენტი დაკარგა, მხოლოდ მატერიალური დარჩა მას,“- მოცემულ საკითხზე სოფო მახარაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდება

გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდება

მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე ვებინარი ჩაატარდება. ვებინაზე განხილული იქნება თემა „მდგრადი განვითარების მიზნები“ და ასევე აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლებისთვის ამ მიზნების უკეთ გაცნობასა და გაცნობიერებაში.

ვებინარებში მონაწილეობა შეეძლება გეოგრაფიის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს. ვებინარში ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა. მასწავლებლებს შეეძლებათ კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება.

ვებინარებზე ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ამ ბმულზე - ​„მდგრადი განვითარების მიზნები და აქტივობები მათი სწავლებისათვის“.

ვებინარებს გაუძღვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის გეოგრაფიის კონსულტანტი, გეოგრაფიის დოქტორი მაია ბლიაძე.

წაიკითხეთ სრულად