Baby Bag

„სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან,“- ფსიქოლოგი სოფო მახარაძე

„სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან,“- ფსიქოლოგი სოფო მახარაძე

ფსიქოლოგმა სოფო მახარაძემ მოზარდობის ასაკში ბავშვის ფსიქიკაზე სასკოლო სივრცის უდიდესი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„მოზარდობის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ სასკოლო სივრცე. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მიწევს შეხება მოზარდებთან. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან. ეს არ ეხება ყველა სკოლას და ყველა პედაგოგს. ჩვენ გვყავს უამრავი მასწავლებელი, რომელიც აბსოლუტურად პირნათლად ასრულებს თავის პასუხისმგებლობას, მაგრამ სამწუხაროდ ბევრია ასეთი შემთხვევები.

საყოველთაო შერცხვენები, საჯარო გაკრიტიკება ბავშვის, პირად, სენსიტიურ თემებზე საჯარო შეურაცხმყოფელი შეხება ბავშვს საკუთარი თავის მნიშვნელობას აკარგვინებს. სკოლის ფუნქცია არ არის მხოლოდ განათლების მიცემა, არამედ მასწავლებლის ფუნქცია არის ყოველ მოსწავლეში უნიკალურის, პერსონალურის აღმოჩენა და წინ წამოწევა. სამწუხაროდ, სკოლა ხშირ შემთხვევაში ამ ფუნქციას ვერ ასრულებს დღეს.

გარდამავალ ასაკში უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვი იყოს ჩართული ცოდნის მიღების პროცესში, ის ამ პროცესიდან სიამოვნებას იღებდეს და ამ პროცესში საკუთარ თავს გამოხატავდეს. თუ ბავშვი საკუთარ თავს კონსტრუქციულ პროცესში გამოხატავს, ის არასდროს არ წავა, არ ჩაიკეტება და არ ჩაებმება თამაშებში, არასდროს არ მოიხმარს ნარკოტიკს. იქ, სადაც ადამიანი გამოხატავს საკუთარ თავს, მას არ უჩნდება ეს იმპულსი საკუთარი თავის დესტრუქციისა. სკოლის პასუხისმგებლობაა, რომ სასწავლო პროცესი იყოს პროცესზე ორიენტირებული და არა შედეგზე, ნიშანზე, მასწავლებლის მაამებლობაზე, კარგი სამსახურის შოვნაზე. განათლებამ თავისი სულიერი კომპონენტი დაკარგა, მხოლოდ მატერიალური დარჩა მას,“- მოცემულ საკითხზე სოფო მახარაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებში ახალი საგნის დამატება იგეგმება

სკოლებში ახალი საგნის დამატება იგეგმება

,,1-ლი - მე-6 კლასის მოსწავლეები ახალ საგანს შეისწავლიან'' - აღიშნულის შესახებ ​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

„იმისთვის, რომ გარემოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს ეფექტიანი, ყველაზე მნიშვნელოვანია განათლება და ინფორმირება ჩვენი საზოგადოების და ამ კუთხით, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გარემოს დაცვის და აგრარული განათლების საკითხების ინტეგრირებას სასკოლო განათლებაში.

ჩვენ გვქონდა სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით დანერგილი გარემოსდაცვითი სწავლებები, მაგრამ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები, მასალა იმისთვის, რომ გადამზადდეს დაახლოებით 20 000 პედაგოგი და გარემოსდაცვითი საკითხები ისწავლებოდეს პირველიდან მეექვსე კლასამდე, რომლის საშუალებითაც ჩვენ 250 000 ჩვენი ქვეყნის მოსწავლეს, მომავალს, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობას გავუჩენთ,'' - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად