Baby Bag

„ბავშვს რომ აიძულებ საყვარელი სათამაშო აჩუქოს სტუმარ ბავშვს, ბავშვისთვის ის ნივთი არის, როგორც ზრდასრულისთვის სახლი,“ - მარინა კაჭარავა იძულების ნეგატიურ შედეგებზე

„ბავშვს რომ აიძულებ საყვარელი სათამაშო აჩუქოს სტუმარ ბავშვს, ბავშვისთვის ის ნივთი არის, როგორც ზრდასრულისთვის სახლი,“ - მარინა კაჭარავა იძულების ნეგატიურ შედეგებზე

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვზე იძულების ნეგატიური ზეგავლენის შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებს არას თქმა ასწავლონ:

„არ შეიძლება იმის თქმა, რომ ბავშვმა ვინმეს არ გაუყოს რამე და არ გაუნაწილოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იძულებითი. ეს უნდა ისწავლოს ბავშვმა, რომ დიახ, აირჩიოს და გაუნაწილოს და არა იმიტომ, რომ იძულებულია. თუ ის სულ იძულებულია, თუ სულ ამას ვაიძულებ, მერე სხვასთან იქნება იძულებული გააკეთოს რაღაც. ერთ-ერთი ფსიქოლოგი წერს ასეთი რამეს: ბავშვს რომ აიძულებ საყვარელი სათამაშო აჩუქოს სტუმარ ბავშვს, რომელიც მოთქვამს, რომ აჩუქოს. წარმოიდგინეთ, რომ მეუღლემ, საყვარელმა ადამიანმა გაჩუქოთ ძვირფასი რაღაც. მოვიდეს დედათქვენის მეგობრის შვილი, თქვენი ასაკის და ატეხოს წივილ-კივილი, რომ აჩუქოთ. რამდენად ადეკვატურია ეს რომ აჩუქოთო, წერს ეს ფსიქოლოგი.

ბავშვისთვის ის ნივთი არის, როგორც ზრდასრულისთვის სახლი. ბავშვისთვის ძვირფასობა იმაში არ გამოიხატება, რამდენი აქვს მშობელს ამ ნივთში მიცემული. ეს მშობელი აწვდის მას ამ ინფორმაციას, რომ ძვირი ღირს. ბავშვმა საიდან უნდა იცოდეს, რა რა ღირს. არც უნდა იცოდეს მან ეს. მისთვის ეს რომ ძვირფასია და მას აიძულებ რაღაცას, მერე ვიღაც სხვა აიძულებს. მე იმის მომხრე ვარ, რომ ბავშვმა წინააღმდეგობის გაწევა ისწავლოს. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ გაზიარება არ იცოდეს. მნიშვნელოვანია, რომ მან არას თქმა ისწავლოს. თუ მან ეს არ იცის, ის ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ცხოვრებისეულ გამოწვევებს. მერე ეზოში ჩადის ბავშვი, ეტყვიან სიგარეტი მოვწიოთ, ყველა ეწევა. არ უნდა, მაგრამ მოწევს. მერე მარიხუანას მოაწევინებენ, არ უნდა, მაგრამ ამას აკეთებს. მერე შეიძლება ჩხუბში აღმოჩნდეს, არ უნდოდა, მაგრამ წაყვა. ეს ტენდენციაა ასეთი, რომ ადამიანი თუ ერთხელ არ ამბობს უარს, მერე უარს აღარ ამბობს,“- აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის თეთრი ხმაური და რა დადებითი შედეგები აქვს? - ფსიქოლოგი მარინა ბოსტოღანაშვილი

რა არის თეთრი ხმაური და რა დადებითი შედეგები აქვს? - ფსიქოლოგი მარინა ბოსტოღანაშვილი
რა არის თეთრი ხმაური და რა დადებითი შედეგები აქვს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი მარინა ბოსტოღანაშვილი.
- რა არის თეთრი ხმაური და რაში ეხმარება ბავშვს?
- თეთრი ხმაური არის ხმა, რომელიც შედგება სხვადასხვა სიხშირისგან, ჟღერს ერთ დონეზე, ცვლილებების გარეშე.
ცხოვრებაში გამუდმებით ხვდებით ყველა სახის „თეთრ ხმაურს“ და შეიძლება არც კი იცოდეთ. თმის საშრობის, მტვერსასრუტის, წვიმის ან ჩანჩქერის ხმა, სამზარეულოში სამუშაო ქურის გუგუნი - ეს ყველაფერი „თეთრი ხმაურია“. როდესაც დედა ბავშვს აძინებს, ის ასევე გამოსცემს თეთრ ხმაურს - თანაბრად კისკისებს.
ზრდასრული ადამიანისთვის ასეთი ხმაური შეიძლება შემაწუხებელი ჩანდეს და ძილში ხელს უშლიდეს, მაგრამ არა ბავშვისთვის.
ახალშობილებისთვის „თეთრი ხმაური“ არის ფონის ხმა, რომელშიც ყველა სიხშირე (20-20000 ჰც) დიაპაზონში თანაბრად ნაწილდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ის იქმნება ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკით გამოწვეული ხმაურით. კარგი მაგალითია ტელევიზორი ან რადიო ჩართული, „ცარიელ“ არხზე, კონდიციონერის ან თმის საშრობის ხმა.
„თეთრი ხმაურის“ მთავარი მახასიათებელია ის, რომ არ არის ინფორმაციული, ამიტომ არ გადატვირთავს ბავშვის აღქმას და არ გამოიწვევს ნერვულ გადაჭარბებულ აგზნებას. ახალშობილებისთვის ასეთი ფონი სასიამოვნოა, რადგან ჰგავს საშვილოსნოსშიდა განვითარების სტადიაზე გამორჩეულ ბგერებს. ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდში უსმენდა დედის სუნთქვას, მის გულის​ცემას, ძარღვებში სისხლის მოძრაობის ხმას და ნაწლავების ხმაურს. „თეთრი ხმაური“ ბავშვს მაქსიმალური სიმშვიდისა და უსაფრთხოების მდგომარეობას ახსენებს. ამავდროულად, სიჩუმემ, რომელშიც მშობელი ცდილობს ახალშობილის დაძინებას, შეიძლება შეაშინოს პატარა. ასეთ ფონთან შეგუებით, ტვინი თანდათან თიშავს აღქმას, რაც ხელს უწყობს დასვენების რეჟიმში ყოფნას და „თეთრი ხმაურის“ გამორთვის შემდეგაც კი ბავშვი მშვიდი ძილის მდგომარეობაში რჩება.
- „თეთრი ხმაურის“ დადებით და უარყოფით შედეგებზე რომ ვისაუბროთ.
- მეცნიერულად დადასტურებულია, რომ თეთრი ხმაური აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. ის ყველაზე ეფექტურია 2,5 თვემდე ჩვილებისთვის, ასეთი ხმის გამოყენება არ არის შეზღუდული.
ასეთ ფონს ბევრი სარგებელი მოაქვს:
1. ეხმარება ჩვილებს დამშვიდებაში - „თეთრი ხმაური“ საშუალებას გაძლევთ ბავშვის ყურადღება გადაიტანოთ და მან შეწყვიტოს ტირილი, თუ სხვა გამოყენებული მეთოდები უძლურია;
2. აჩქარებს დაძინების დროს - ჩვილების უმეტესობა 5 წუთში იძინებს;
3. ნიღბავს გარე ბგერებს - აძლევს ბავშვს დაძინების შესაძლებლობას, თუნდაც მეზობლებთან მიმდენარეობდეს სარემონტო სამუშაოები, ან ბინაში უფროსი ძმები ან დები თამაშოდნენ;
4. ზრდის დასვენების ხანგრძლივობას - ფონი, ანუ „თეთრი ხმაური”, აწესრიგებს „ფრაგმენტული ძილის“ პრობლემას, როცა ახალშობილი იღვიძებს ყოველ 20 წუთში;
5. ეხმარება მშობელს - როცა ბავშვს მშვიდად სძინავს, დედას აქვს შესაძლებლობა თავისი საქმე აკეთოს ან დაისვენოს.
თეთრი ხმაურის გამოყენებისთვის საჭიროა გარკვეული წესების დაცვა:

  • უმჯობესია ჩამოტვირთოთ სპეციალური აპლიკაცია ტელეფონზე ან პლანშეტზე;
  • მოათავსეთ ფონის ხმის წყარო საწოლიდან არაუმეტეს 1 მეტრის დაშორებით;
  • ხმის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. უფრო ხმამაღალი ფონი უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
„თეთრი ხმაურის” უარყოფითი მხარე - შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სმენას. მინდა დაგამშვიდოთ, რომ თუ დაიცავთ უსაფრთხოების წესებს, რაზეც ზემოთ დავწერეთ, „თეთრი ხმაური” ზიანს არ მიაყენებს ბავშვს.
ამ მარტივი რეკომენდაციების გამოყენებით, ახალშობილის ძილი საკმაოდ მშვიდი იქნება.
- რა შემთხვევებში არ არის უსაფრთხო?
- მე არ ვფიქრობ, რომ „თეთრი ხმაური” - „ჯადოსნური" ძილის აბია. თუმცა, მიმაჩნია, რომ იგი ეხმარება მშობელს:
1. დაამშვიდოს ჭირვეული პატარა;
2. სწრაფად დააძინოს ბავშვი, როცა აშკარად გადაღლილია და უნდა მიჰყვეს გრაფიკს;
3. გამოიყენოს პატარას ძილის გასახანგრძლივებლად.
„თეთრი ხმაურის“ მთავარი პრობლემა მისი ხმის მოცულობაა. მიჩნეულია, რომ „თეთრი ხმაური“ უნდა იყოს ჩართული არაუმეტეს 50 დბ მოცულობისა. იმისათვის, რომ შეგიქმნათ წარმოდგენა თუ რამდენია 50 დბ, მოგიყვანთ მაგალითებს:

​- ორ ადამიანს შორის ნახევარ ხმაზე საუბარი - 30 დბ;

​- ნორმალური საუბარი დაახლოებით - 60 დბ;
- სარეცხი მანქანა - 59-83 დბ;
- ტელეფონები - არის 80 დბ. თუმცა, ბოლო მოდელის ტელეფონების დინამიკებს შეუძლიათ 100 დბ-მდე აწევაც. მშობლების აზრით, „თეთრი ხმაური” ჩვილებში სმენის დაქვეითების რისკს ზრდის, რაც მათი შეშფოთების ყველაზე დიდი მიზეზი ხდება, რადგან ცნობილია, რომ სმენის დაქვეითება გავლენას ახდენს ჩვილის მეტყველებისა და ენის განვითარებაზე. ამ ეტაპზე არ არის საკმარისი მონაცემები იმის დასამტკიცებლად, რომ „თეთრი ხმაური“ ნამდვილად საზიანოა სმენისთვის. მეცნიერულად ეს არ არის დადასტურებილი და ამის დასამტკიცებლად არც საკმარისი მონაცემები არსებობს.
- რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომლებიც ბავშვის ჩაძინების მიზნით ამ მეთოდს იყენებენ?

- დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. დიახ, „თეთრი ხმაური“ არის საშუალება ბავშვის დასაძინებლად, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია დედამ ისწავლოს როგორ აიცილოს ბავშვის ტირილი. თვალყური ადევნეთ სიფხიზლის პერიოდს, რათა არ გადაიტვირთოს ბავშვი და შეეცადეთ თავიდან აიცილოთ მისი ყვირილი წინასწარ. ჩაატარეთ ძილის წინ რიტუალები: ზღაპრების კითხვა, წყლის პროცედურები, მშვიდი სიმღერები და ა.შ., რაც დაეხმარება პატარას ჩაძინებაში და მშვიდ ძილში.

ესაუბრა მარიამ ჩოქური​

წაიკითხეთ სრულად