Baby Bag

„რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო მას ეს ბედნიერება?“ - ფსიქოლოგი თინათინ ზენაიშვილი

„რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო მას ეს ბედნიერება?“ - ფსიქოლოგი თინათინ ზენაიშვილი

ფსიქოლოგმა თინათინ ზენაიშვილმა მშობლების მხრიდან დასასვენებლად მარტო წასვლის სურვილსა და წესზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ქმედება და სურვილი მშობლის მხირდან გასაოცარია:

„ბავშვი მთელი წელი ელოდება ნანატრ დროს, როდესაც დედა და მამა იქნება მხოლოდ მისი და არ იქნება არც სამსახურის, არც მეგობრების, არც არავისი. ძალიან სცოდავენ მშობლები ამ შემთხვევაში, თუ ასე ფიქრობენ. რატომ ფიქრობენ ასე, მე მაოცებს და მაკვირვებს. მე თვითონ ოთხი შვილის დედა ვარ და არ გამჩენია სურვილი არასდროს, რომ დამესვენა მარტო. ბავშვებს 9-10 საათზე რომ დააძინებ, ის ორი საათი დაჯდები და ან ფილმს უყურებ, ან წიგნს წაიკითხავ, ესეც განტვირთვაა და მგონი, სრულებით საკმარისია. შვილის გარეშე რომ სურთ დასვენება, ე.ი. რაღაცას ვერ უგებენ შვილს. ეს არის პრობლემა ჩემთვის. რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო ჩემს შვილს ეს ბედნიერება? ეს მისთვის არის ბედნიერება.

თუ მშობელი მუშაობს და ბავშვს უშვებს დასასვენებლად, მან იცის, გაცნობიერებული აქვს, რატომ არ არის დედა მასთან. თუმცა ის ყოველთვის დაელოდება მშობლის ჩასვლას და მის ნახვას. ბავშვი ამას შეგუებულია, თუ წინასწარ უხსნის ვინმე. ხშირ შემთხვევაში არ ვუხსნით ხოლმე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წინასწარ ავუხსნათ, ვუთხრათ, თუ მასთან არ ვარ, რატომ? რას ვუთმობ დროს,“- მოცემულ საკითხზე თინათინ ზენაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სადღაც სამ კვირაში მე დავინახე ძალიან დიდი შედეგი,“ - ნუკი კოშკელიშვილის რჩევები მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვების მშობლებს

„სადღაც სამ კვირაში მე დავინახე ძალიან დიდი შედეგი,“ - ნუკი კოშკელიშვილის რჩევები მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვების მშობლებს

​​ნუკი კოშკელიშვილმა მშობლებს ის მიდგომები, მეთოდები და თამაშები გააცნო, რომელთაც შვილის მეტყველების განვითარებისთვის აქტიურად და წარმატებით იყენებს:

„თამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებში. მათ უნდა განავითარონ ფანტაზია. არიან ბავშვები, ვინც არ იცის თამაში. მე თავიდან ბოლომდე ვარ ამაში ჩართული. მე ვთვლი, რომ საგანგაშო არასდროს არაფერი არ არის. სამეცადინო ყოველთვის არის. ბავშვი შეიძლება არ გაჩვენებდეს იმას, რომ რაღაც ისწავლა, მაგრამ რაღაც მომენტში აუცილებლად დაინახავთ, რომ ძალიან ბევრი ისწავლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, ყურადღება ვასწავლოთ, რომ დაგიჯდეს. ვთქვათ, 2-3 წლის ბავშვი 15 წუთით რომ დაგიჯდეს და იჯდეს შენთან ერთად, ეს უკვე კარგია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადასვლა. ბავშვს არ ამოაწურინოთ ერთი საქმიანობა, თორემ მერე ინტერესი ეკარგება.“

ნუკი კოშკელიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ხშირად გაუმეოროთ კონკრეტული სიტყვები:

​აუცილებლად უნდა უთხრათ ბავშვს სიტყვები. ვთქვათ, უნდა, რომ გითხრათ წყალი. თქვენ აუცილებლად უთხარით: წყალი? წყალი, წყალი! ეს იმიტომ, რომ ხედავდეს შენი პირი როგორ მოძრაობს. არ დააბნიოთ ბავშვი. როდესაც ფერებს ასწავლით, ორი ერთნაირი ნივთი უნდა იყოს, მწვანე და ყვითელი, რომ ბავშვი მიხვდეს, განსხვავებული არის ფერი და არა ნივთი. არ არის საჭირო, რომ გქონდეთ ბევრი ფული, რომელსაც მაღაზიაში დახარჯავთ. ამ ყველაფრის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ. შეგიძლიათ იპოვოთ ჩვეულებრივი ფურცლები, გააფერადოთ ყვითლად, ერთნაირ ზომაზე დაჭრათ.“

ნუკი კოშკელიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ბავშვმა თამაშით განავითაროს მოტორიკა:

„მოტორიკაა აუცილებლად გასავითარებელი. ეს ყველაფერი თამაშ-თამაშში უნდა ხდებოდეს. ჩვენ მთავარია ჩავუყაროთ ბავშვს საფუძველი სკოლაში წასასვლელად. როდესაც მეცადინეობთ ბავშვთან ეს არის წესი: 80 % მარტივი, 20 % რთული, რომ არ გადააჭარბოთ. ბავშვმა უნდა იცოდეს სხეულის ნაწილები: ენა, ტუჩები. ბავშვებმა უნდა ააწყონ რაღაცები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არამხოლოდ მოტორიკა განუვითარდეს, არამედ ისწავლოს, სად არის თვალი, ცხვირი. თუ გაქვთ რაიმე სათამაშო, მოაძრეთ ცხვირი, აბა სად არის ცხვირი? არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც ბავშვი რაღაცას სწორად აკეთებს, ის აუცილებლად უნდა დასაჩუქრდეს. ბავშვი უნდა დასაჩუქრდეს ემოციით და არა სათამაშოთი.“

„სადღაც სამ კვირაში მე დავინახე ძალიან დიდი შედეგი. ჩემი შვილი უბრალოდ კიოდა, იმიტომ, რომ ვერ მაგებინებდა. ჩვენ გვქონდა ამობეჭდილი ფოტოები, სადაც იყო აბაზანის ფოტო, პარკის ფოტო, წყლის ფოტო. მე ვეკითხებოდი: რა გინდა? ის იღებდა ფოტოს და მაჩვენებდა. ჩვენ ვიმეცადინეთ. ვაჩვენებდი ფოტოებს: ეს არის მამა, საჭმელი, პიცა. მერე ეს ფოტოები წავართვი. მ​ან უკვე იცის სიტყვის მნიშვნელობა და უწევს, რომ დაგელაპარაკოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნუკი კოშკელიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად