Baby Bag

„ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია,“ - მზიკო დალაქიშვილის რჩევები მშობლებს

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს ურჩია, შვილების შესაძლებლობებში გაერკვნენ და მათ იმაზე მეტი არ მოთხოვონ, ვიდრე შეუძლიათ:

„პირველ რიგში, ჩვენი შვილების შესაძლებლობები გავარკვიოთ. ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია. მასწავლებელი მყავდა მათემატიკის, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგ ნიშანს მიწერდა ხოლმე. ჩემზე ძლიერებიც არსებობდნენ მათემატიკაში. მე რაღაცებს მპატიობდა და სხვებს არ პატიობდა. კი მიხაროდა ეს, მაგრამ თან მიკვირდა. ძალიან ბეჯითი რომ ვიყავი, ხვდებოდა, რომ აღარ შეიძლებოდა იმაზე მეტს რომ ვცდილობდი, ამას ხედავდა. ამას აფასებდა. მან იცოდა, რომ ამის იქით არ შემეძლო. მე რომ გული არ დამწყვეტოდა, ამით მამხნევებდა, რომ მათემატიკაზე უარი არ მეთქვა.

ბავშვმა პასუხისმგებლობა რომ გამოიმუშაოს, მან პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რას აკეთებს, რისთვის აკეთებს, რას ემსახურება ეს ქმედება და არა ის, რომ ეს უნდა ქნა და ის უნდა ქნა! მშობლების მოვალეობაა, რომ ვალდებულებები, „უნდა“ გადავაქციოთ „მე მინდად.“ ეს შესაძლებელია, ნელ-ნელა, მაგრამ შესაძლებელია. მაგალითად, ყოველ დილით მამა ადრე დგება და მიდის სავარჯიშოდ. ბავშვს აინტერესებს, სად მიდის დილით მამა. ის ინტერესდება და ხვდება, რომ ეს კარგია. მამა უხსნის, ელაპარაკება, რატომ არის კარგი დილას ვარჯიში. მერე ბავშვი ფიქრობს, რომ თვითონაც უნდა სცადოს.

არსებობს მამა, რომელიც ბავშვს ეუბნება: „დილას 8 საათზე უნდა ადგე.“ ბავშვი ფიქრობს, რატომ უნდა ადგეს, ეძინება. ბავშვი ვერ იაზრებს, რატომ უნდა ადგეს,“- მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თვლიან, რომ მრავალშვილიანი დედა სოციალურად დაუცველია, ვერ იქნება დამოუკიდებელი... ჩვენი უმრავლესობა ასე არ არის,“- ქეთევან მელაშვილი

„თვლიან, რომ მრავალშვილიანი დედა სოციალურად დაუცველია, ვერ იქნება დამოუკიდებელი... ჩვენი უმრავლესობა ასე არ არის,“- ქეთევან მელაშვილი

სოციალური ჯგუფის „მრავალშვილიანი დედები“ წარმოამდგენელმა ქეთევან მელაშვილმა მრავალშვილიანი დედების მიმართ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების შესახებ ისაუბრა:

„მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ დამოკიდებულება ბოლო დროს ცოტა შეიცვალა, მაგრამ მაინც თვლიან, რომ მრავალშვილიანი დედა სოციალურად დაუცველია, ვერ იქნება დამოუკიდებელი, აუცილებლად რაღაცას ითხოვს სახელმწიფოსგან. ჩვენი უმრავლესობა ასე არ არის. უამრავი დედიკო მუშაობს. არ არის ასე, რომ მხოლოდ სახელმწიფოზე ვართ დამოკიდებული და ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. მრავალშვილიან დედებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არ ვართ, სახელმწიფოსგან დახმარების სახით გავქვს ელექტროენერგიის სუბსიდირება.“

„საქართველოში ძალიან ბევრი მრავალშვილიანი დედაა. დედები სიხარულით ელიან მეხუთე, მეექვსე შვილს. ამაზე რომ წერენ, აღფრთოვანებით ვხვდებით ყველანი. საკმაოდ დიდი პრობლემაა დემოგრაფიული ჩვენს ქვეყანაში. რაც არ უნდა გადაუნაწილო სითბო და სიყვარული ბავშვებს, ყველა მაინც გულდაწყვეტილია. ვცდილობ ყველას მაქსიმალურად დავუთმო დრო. პატარა ოთხი წლის არის. ყველას გასწევს ხოლმე სათითაოდ და ამბობს: „დედა ჩემია.“ ამაზე დიდებს გართულება აქვთ. ჩემი მესამე და მეოთხე შვილი პატრიარქის ნათლულები არიან. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. როდესაც დაანონსდა, რომ პატრიარქის ნათლულები იქნებოდნენ, ძალიან მინდოდა, რომ ჩემი შვილების ყოფილიყვნენ. ძალიან ბედნიერი ვარ ამით, რომ ჩემი ორი შვილი პატრიარქის ნათულია,“- აღნიშნულ საკითხზე ქეთევან მელაშვილმა „საპატრიარქოს ტელევიზიის“ გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად