Baby Bag

„ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია,“ - მზიკო დალაქიშვილის რჩევები მშობლებს

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს ურჩია, შვილების შესაძლებლობებში გაერკვნენ და მათ იმაზე მეტი არ მოთხოვონ, ვიდრე შეუძლიათ:

„პირველ რიგში, ჩვენი შვილების შესაძლებლობები გავარკვიოთ. ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია. მასწავლებელი მყავდა მათემატიკის, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგ ნიშანს მიწერდა ხოლმე. ჩემზე ძლიერებიც არსებობდნენ მათემატიკაში. მე რაღაცებს მპატიობდა და სხვებს არ პატიობდა. კი მიხაროდა ეს, მაგრამ თან მიკვირდა. ძალიან ბეჯითი რომ ვიყავი, ხვდებოდა, რომ აღარ შეიძლებოდა იმაზე მეტს რომ ვცდილობდი, ამას ხედავდა. ამას აფასებდა. მან იცოდა, რომ ამის იქით არ შემეძლო. მე რომ გული არ დამწყვეტოდა, ამით მამხნევებდა, რომ მათემატიკაზე უარი არ მეთქვა.

ბავშვმა პასუხისმგებლობა რომ გამოიმუშაოს, მან პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რას აკეთებს, რისთვის აკეთებს, რას ემსახურება ეს ქმედება და არა ის, რომ ეს უნდა ქნა და ის უნდა ქნა! მშობლების მოვალეობაა, რომ ვალდებულებები, „უნდა“ გადავაქციოთ „მე მინდად.“ ეს შესაძლებელია, ნელ-ნელა, მაგრამ შესაძლებელია. მაგალითად, ყოველ დილით მამა ადრე დგება და მიდის სავარჯიშოდ. ბავშვს აინტერესებს, სად მიდის დილით მამა. ის ინტერესდება და ხვდება, რომ ეს კარგია. მამა უხსნის, ელაპარაკება, რატომ არის კარგი დილას ვარჯიში. მერე ბავშვი ფიქრობს, რომ თვითონაც უნდა სცადოს.

არსებობს მამა, რომელიც ბავშვს ეუბნება: „დილას 8 საათზე უნდა ადგე.“ ბავშვი ფიქრობს, რატომ უნდა ადგეს, ეძინება. ბავშვი ვერ იაზრებს, რატომ უნდა ადგეს,“- მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ არასდროს სიმპტომები - გიორგი ჩიჩუას რეკომენდაცია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ გადაცემაში „მთავარი ექიმი“ სიმპომების გამომწვევი დაავადების დასადგენად Google-ის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

როდესაც Google-ის მეშვეობით ვცდილობთ მოვძებნოთ საკუთარი სავარაუდო დიაგნოზი, შანსი იმისა, რომ ის სწორი აღმოჩნდეს დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და არა სამედიცინო მონაცემებზე.

მე ჩამოგითვლით 5 მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ სიმპტომები.

1. ინტერნეტში სიმპტომების გამუდმებით ძიება იწვევს შფოთვით აშლილობას.

2. ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის სიზუსტე საკმაოდ საეჭვოა.

3. თქვენ კარგავთ დროს, რომელიც შეგეძლოთ გამოგეყენებინათ სამკურნალოდ.

4. ინტერნეტში ხშირად შეხვდებით საშიშ რჩევებს.

5. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, ექიმები ტყუილად არ არსებობენ. როგორც იცით, სამედიცინო განათლების მიღება ყველაზე ხანგრძლივი პროცესია და ეს არ ხდება უმიზეზოდ. თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამიტომ ნუ ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას არაპროფესიონალებს."

წყარო: ​„მთავარი ექიმი“

წაიკითხეთ სრულად