Baby Bag

„ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია,“ - მზიკო დალაქიშვილის რჩევები მშობლებს

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს ურჩია, შვილების შესაძლებლობებში გაერკვნენ და მათ იმაზე მეტი არ მოთხოვონ, ვიდრე შეუძლიათ:

„პირველ რიგში, ჩვენი შვილების შესაძლებლობები გავარკვიოთ. ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია. მასწავლებელი მყავდა მათემატიკის, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგ ნიშანს მიწერდა ხოლმე. ჩემზე ძლიერებიც არსებობდნენ მათემატიკაში. მე რაღაცებს მპატიობდა და სხვებს არ პატიობდა. კი მიხაროდა ეს, მაგრამ თან მიკვირდა. ძალიან ბეჯითი რომ ვიყავი, ხვდებოდა, რომ აღარ შეიძლებოდა იმაზე მეტს რომ ვცდილობდი, ამას ხედავდა. ამას აფასებდა. მან იცოდა, რომ ამის იქით არ შემეძლო. მე რომ გული არ დამწყვეტოდა, ამით მამხნევებდა, რომ მათემატიკაზე უარი არ მეთქვა.

ბავშვმა პასუხისმგებლობა რომ გამოიმუშაოს, მან პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რას აკეთებს, რისთვის აკეთებს, რას ემსახურება ეს ქმედება და არა ის, რომ ეს უნდა ქნა და ის უნდა ქნა! მშობლების მოვალეობაა, რომ ვალდებულებები, „უნდა“ გადავაქციოთ „მე მინდად.“ ეს შესაძლებელია, ნელ-ნელა, მაგრამ შესაძლებელია. მაგალითად, ყოველ დილით მამა ადრე დგება და მიდის სავარჯიშოდ. ბავშვს აინტერესებს, სად მიდის დილით მამა. ის ინტერესდება და ხვდება, რომ ეს კარგია. მამა უხსნის, ელაპარაკება, რატომ არის კარგი დილას ვარჯიში. მერე ბავშვი ფიქრობს, რომ თვითონაც უნდა სცადოს.

არსებობს მამა, რომელიც ბავშვს ეუბნება: „დილას 8 საათზე უნდა ადგე.“ ბავშვი ფიქრობს, რატომ უნდა ადგეს, ეძინება. ბავშვი ვერ იაზრებს, რატომ უნდა ადგეს,“- მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ გვაქვს ფორმულა, რომ თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვის დედა დეპრესიულია, აუცილებლად ბავშვი ასეთი იქნება,“ - თამარ გაგოშიძე

„ჩვენ გვაქვს ფორმულა, რომ თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვის დედა დეპრესიულია, აუცილებლად ბავშვი ასეთი იქნება,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ემოციური რეგულაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის ემოციური რეგულაცია მშობლის ემოციურ რეგულაციაზეა დამოკიდებული:

„ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაცია. ბავშვების ემოციური რეგულაცია დამოკიდებულია ჩვენს ემოციურ რეგულაციაზე. ჩვენ თუ გვაქვს შფოთვა, ამ ბავშვებს ექნებათ შფოთვა. განსაკუთრებით, როდესაც დედა შფოთავს და არ არის კარგად ფსიქოლოგიურად, ბავშვიც არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. ჩვენ გვაქვს ფორმულა, რომ თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვის დედა დეპრესიულია, აუცილებლად ბავშვი ასეთი იქნება და დედას უნდა ვუშველოთ.“

„ბავშვის ემოციური რეგულაცია ჩვილობიდან იწყება. საწყალი ქალს, რომელიც აჩენს ბავშვს, თავისი გასჭირვებია. პირველი ორი-სამი თვე, ვისაც დამხმარე არ ჰყავს, მისთვის ძალიან რთულია. შენ უნდა გაუგო ბავშვს, რატომ ტირის. იგნორირებას ხომ ვერ გაუკეთებ. არ უნდა გეშინოდეს ამის, ვიღაც უნდა გყავდეს დამრიგებელი, ვიღაცამ უნდა გითხრას: „არაუშავს, შვილო, ბავშვი მაგიტომ არის, რომ უნდა ტიროდეს.“ მერე უკვე არჩევ, რომ ტირის იმიტომ, რომ შია, წყურია, ეძინება. დედა იწყებს ამის გარჩევას და უკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებებს. ამ პერიოდიდან იწყება ბავშვის მიჯაჭვულობა მშობელზე. ეს მიჯაჭვულობა უნდა იყოს ნორმალური, არც ნაკლები და არც ზედმეტი,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

წაიკითხეთ სრულად