Baby Bag

„ზოგიერთ ოჯახს აქვს ეს ტენდენცია, რომ ბავშვს წამოარტყას, დაუყვიროს... არ შეეფერება ეს ჩვენს პედაგოგიკას,“ - შალვა ამონაშვილი

„ზოგიერთ ოჯახს აქვს ეს ტენდენცია, რომ ბავშვს წამოარტყას, დაუყვიროს... არ შეეფერება ეს ჩვენს პედაგოგიკას,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვთან დიალოგის გზით მოაგვარონ:

„თუ ბავშვი გეტყვით თქვენ, რომ მე ხვალ სკოლაში წასვლა აღარ მინდა, რომელი ჭკვიანი დედა ეტყვის იმას, რომ აღარ გინდა და მაშინ ითამაშე აგერ, კნუტები არიან სახლში და მათთან ითამაშე და იყავი როგორც გინდაო. რომელი მამა ეტყვის ამას ბავშვს?! იქნებ დავსხდეთ, ბრძნულად განვიხილოთ, რატომ არ გვინდა სკოლა? რითი შეგვაწუხა სკოლამ? ამხანაგები არ გვყავს კარგი? გზა არის ძალიან შორი? როდესაც ამ მიზეზს გამოვამზეურებთ, ადვილად შეიძლება განუმარტო ბავშვს როგორ შეიძლება ამ მიზეზის მოშორება. ჩვენ მიზეზებს არ ვამზეურებთ და პირდაპირ ვეუბნებით ბავშვს: როგორთუ არ გინდა სკოლაში?! ზოგჯერ ვეუბნებით: კარგი, ნუ წახვალ! ერთიც და მეორეც არასერიოზული მოქმედებაა. გამოვარკვიოთ მიზეზები და რაღაცას გამოვიგონებთ ჩვენ.

არ იყოს ჩხუბი, არ იყოს ნერვიულობა, არ იყოს ძალდატანება, არ იყოს წივილ-კივილი, არ იყოს ბავშვის ცემა! დიდი ბოდიში, მაგრამ ზოგიერთ ოჯახს აქვს ეს ტენდენცია, რომ ბავშვს წამოარტყას, დაუყვიროს, დასაჯოს ამგვარად. ეს აღარ არის ჩვენი ბავშვებისთვის ღირსება. არ შეეფერება ჩვენს პედაგოგიკას, ჩვენს დღევანდელს ცხოვრებას ასეთი ქცევები.

ეს წარსულს ჩავაბაროთ. გოგებაშვილიც ამბობდა, ეს არ გააკეთოთო. ეს იყო მეცხრამეტე საუკუნე და მეოცე საუკუნის დასაწყისი. XXI საუკუნეში, ჩემო ძვირფასებო, ასეთი მეთოდები ნიშნავს იმას, რომ ჭაში ჩავცვივდეთ,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ევგენი კომაროვსკი აცხადებს, რომ ნაყინი ბავშვისთვის ძალიან სასარგებლო ტკბილეულია

ევგენი კომაროვსკი აცხადებს, რომ ნაყინი ბავშვისთვის ძალიან სასარგებლო ტკბილეულია

ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი აცხადებს, რომ ნაყინი ბავშვის იმუნიტეტზე დადებითად ზემოქმედებს. ექიმი მშობლებს ურჩევს, რომ პატარებს საყვარელი ნუგბარი ხშირად მიართვან.

პედიატრის თქმით, სიცივე პირის ღრუს სიჯანსაღისთვის ძალიან სასარგებლოა. ცივი ნაყინით კვება პატარებს იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება. სიცივე ზედა ყელის რეგიონში მდებარე ლიმფურ ქსოვილებზე დადებითად ზემოქმედებს. როდესაც ბავშვი ნაყინს რეგულარულად იღებს, მისი ორგანიზმი სხვადახვა დაავადებისადმი უფრო მდგრადი და გამძლე ხდება.

"მე არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის ცივ საკვებთან რეგულარული შეხება ძალიან სასარგებლოა," - აცხადებს ევგენი კომაროვსკი.

ექიმის თქმით, მშობელმა ბავშვს ნაყინი რეგულარულად უნდა აჭამოს. თუ თქვენს შვილს ნაყინს მხოლოდ თვეში ერთხელ მისცემთ, ამით მის იმუნიტეტს ვერ გააძლიერებთ. ევგენი კომაროვსკიმ დააზუსტა, რომ ნაყინის მირთმევა ზოგიერთი ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს ან გაცხიმოვნება აქვს, მისთვის ნაყინის მიცემა არ შეიძლება, რადგან ნაყინი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია.

მომზადებულია Nashemisto.ua-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად