Baby Bag

„როდესაც ბავშვის ქცევაში რაღაც არ მოგვწონს, პირველ რიგში, მიზეზი ვეძებოთ ბავშვის ახლო გარემოში,“- ფსიქოლოგი თეო გუბიანური

„როდესაც ბავშვის ქცევაში რაღაც არ მოგვწონს, პირველ რიგში, მიზეზი ვეძებოთ ბავშვის ახლო გარემოში,“- ფსიქოლოგი თეო გუბიანური

ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ბავშვსა და მშობელს შორის უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მიჯაჭვულობაში ვგულისხმობთ ემოციურ კავშირს. ეს კავშირი არ არის მხოლოდ ბავშვს და მშობელს შორის კავშირი, შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელიც ზრუნავს ბავშვზე. ჩვილობიდან იწყება მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება. რა ფორმის იქნება მიჯაჭვულობა, ეს დამოკიდებულია მზრუნველ ადამიანზე. უსაფრთხო მიჯაჭვულობისას ბავშვს აქვს განცდა, რომ ვიღაც მასზე ზრუნავს და მხარს უჭერს. მას ეს შემდგომში განუზოგადდება გარემოზე, სამყაროზე. თუ მას ბავშვობიდან ასწავლეს, რომ ეს სამყარო და შენ ირგვლივ ადამიანები უსაფრთხოა და შეგიძლია ენდო, მას ეს გაჰყვება. მეორე ტიპის მიჯაჭვულობისას საფრთხის განცდაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც მას უვლიან, აჭმევენ, მაგრამ არ აქვთ მასთან ემოციური კავშირი.

ბავშვს რომ ვაწყენინებთ, გვგონია, რომ არაფერია, მეორე დღეს შემოვირიგებთ. ასე არ არის. იმას დრო უნდა, რომ ისევ გვენდოს. კარგად უნდა დავფიქრდეთ და დავგეგმოთ, როგორ მოვიპოვოთ ბავშვის ნდობა. ბავშვი რომ იზრდება, მიჯაჭვულობა, რომელიც ჩამოუყალიბდა, მოზარდობაში აისახება იმაზე, როგორ ურთიერთობას ამყარებს სხვებთან. შეიძლება ადამიანმა რაღაც მომენტში გადაიაროს არასანდო მიჯაჭვულობის ტრავმა, მოაგვაროს ამ ტრავმასთან თავისი ურთიერთობა.

ბავშვი რომ იბადება, ის იბადება და მან საერთოდ არ იცის ქცევის წესები, როგორ უნდა მოიქცეს. როდესაც ბავშვის ქცევაში რაღაც არ მოგვწონს, პირველ რიგში, მიზეზი ვეძებოთ ბავშვის ახლო გარემოში. თუ იქ ყველაფერი წესრიგშია, მერე მივადგეთ ბავშვს. პრობლემა ვეძებოთ ჩვენში, უფროსებში. პიროვნული თვისებები გენეტიკურად განპირობებულია, მაგრამ ნახევარს იღებს ბავშვი გარემოდან, ამიტომ გარემოს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ,“- მოცემულ საკითხზე თეო გუბიანურმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ სისხლის საერთო ანალიზში ცვლილებებია, რა დაავადებებზე შეგვიძლია ეჭვის მიტანა? - ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე

თუ სისხლის საერთო ანალიზში ცვლილებებია, რა დაავადებებზე შეგვიძლია ეჭვის მიტანა? - ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე

ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ სისხლის საერთო ანალიზში გამოვლენილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა:

​სისხლის საერთო ანალიზი ყველაზე გავრცელებული რუტინული კვლევაა. ის უტარდება ყველა ადამიანს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას აკითხავს. კარგად წაკითხული სისხლის საერთო ანალიზი უმეტეს შემთხვევაში კარგ ინფორმაციას იძლევა ზოგადად დაავადების შესახებ ან გვეხმარება დასაგეგმი კვლევების დადგენაში. სისხლის საერთო ანალიზის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ანემიის, ანთებითი პროცესის, ონკოლოგიური პათოლოგიის, გადატანილი ინფექციის და უამრავი სხვა რამის შესახებ. სისხლის საერთო ანალიზში მითითებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი.“

ნინო შარაშენიძის თქმით, სხვადასხვა პათოლოგიის შესაფასებლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტესტს ერითროციტების დალექვის სიჩქარე წარმოადგენს:

„ერითროციტების დალექვის სიჩქარე ​წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ტესტს ამა თუ იმ პათოლოგიის მიმდინარეობის შესაფასებლად. ეს არის ძალიან ღირებული კვლევა. ის მიგვითითებს რამდენიმე დაავადების განსაზღვრაზე. თუ ადამიანს აქვს ცოტა რაოდენობის ერითროციტი, მაშინ იმ სვეტში, სადაც ხდება სისხლის ნიმუშის დაყენება, სწრაფად დაილექება. ამ დროს შეიძლება იყოს B12 დეფიციტური ანემია. არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ერთ-ერთ კარგ მაჩვენებლად მინიშნების, რომ აუცილებლად უნდა ეძებონ რაიმე პათოლოგია, გამოიყენება ერითროციტების დალექვის სიხშირე.“

„არ შეიძლება, რომ მუდმივად მითითებულ ჩარჩოებში იყოს ადამიანის სისხლის ანალიზი. უნდა იყოს ლოგიკური გადახრა ლეიკოციტების ან მომატებისკენ, ან მოკლებისკენ. არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ლეიკოციტოზი არ ნიშნავს პროცესის ავთვისებიანობას. ეს ნიშნავს უბრალოდ გამოვლინებას ორგანიზმის ნორმალური იმუნიტეტის, რომ გაუმკლავდეს დაავადების ამა თუ იმ გამოვლინებას. ლეიკოციტების რაოდენობა შეიძლება შემცირებული იყოს სხვადასხვა ფორმის ანემიის დროს, ასევე ადამიანებში, რომლებიც არიან იმუნოკომპრომეტირებული, ასევე იმ ადამიანებში, რომლებსაც უტარდებათ კონკრეტული თერაპია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო შარაშენიძემ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R

წაიკითხეთ სრულად