Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქართველი ბავშვები ინტელექტუალურად ყოველთვის მაღლა იდგნენ სხვა ბავშვებზე,“- შალვა ამონაშვილი

„ქართველი ბავშვები ინტელექტუალურად ყოველთვის მაღლა იდგნენ სხვა ბავშვებზე,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა თანამედროვე ბავშვების განსაკუთრებული ნიჭიერებისა და გამორჩეული თვისებების შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს ურჩია, რომ შვილებთან იმეგობრონ:

„ამ ბავშვებს პირდაპირი კავშირი აქვთ ცოდნებთან, ჩვენ შეგვიძლია გადავუკეტოთ. ხანდახან ეტყვი: „სისულელეს ნუ ლაპარაკობ.“ თუ ერთხელ და მეორედ ვეტყვი, მესამედ აღარ მეტყვის ამას. მეხუთედ უკვე ჩაიკეტება. დააკვირდით ბავშვებს რეებს ლაპარაკობენ, განსაკუთრებით 6 წლამდე. მერე არ ილაპარაკებენ ამას. კარგი დედა, კარგი მამა უთუოდ ჩაწერს ბავშვის ამ ლაპარაკებს. თოჯინას ეთამაშება და რას ეუბნება? მამას ელაპარაკება და რეებს ელაპარაკება? უნდა მოუსმინო, თავი უქიცინო, გაიკვირვო, დაინტერესდე, კიდევ მიამბეო სთხოვო. თუ ეტყვი: გეყოფა მეზღაპრეობა, მეორე-მესამე გამეორების შემდეგ შეწყვეტს ამას შენთან. ეს ბავშვები რაღაცებს ხედავენ. მას ჰგონია,რომ შენც ხედავ. ეს თვისებები აქვს ბევრ ბავშვს.“

​„ეს ბავშვები ძალიან თავმოყვარენი არიან. საკმარისია არ დაუჯერო, რომ ეწყინება მაშინვე. ჩემს თაობას არ ეწყინებოდა, ბევრს გვლანძღავდნენ, გვეჩხუბებოდნენ, შეჩეულები ვიყავით ამას. ეს ბავშვები უხეშობას, აკრძალვებს ვერ იტანენ. სხვა ბავშვია, გეუბნებით. მათ ასეთი დედა, მამა, ბებია-პაპა უნდათ, რომელიც მეგობრად გაუხდება. ამას არ უნდა მტკიცება, რომ ქართველი ბავშვები ინტელექტუალურად ყოველთვის მაღლა იდგნენ სხვა ბავშვებზე. ისეთ რამეს ლაპარაკობენ ან იტყვიან, რომ თითქოს სიბრძნე იმის მერე იკეტება. ამ ბავშვებთან ურთიერთობა ცოტა სხვანაირი უნდა იყოს,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად