Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც 45 წლის ასაკში უწევთ ნებართვის აღება მშობლებისგან, რომ თავის ცხოვრებაში მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები,” - ჟურნალისტი თამუნა გომართელი

„ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც 45 წლის ასაკში უწევთ ნებართვის აღება მშობლებისგან, რომ თავის ცხოვრებაში მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები,” - ჟურნალისტი თამუნა გომართელი

ჟურნალისტმა თამუნა გომართელმა ქართული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ ისაუბრა:

„მენტალიტეტი ადამიანში ფორმირდება ბევრი რამის შედეგად. პირველი არის ოჯახის წიაღი, მეორე - მშობლების მაგალითი, მესამე - შთაბეჭდილებები და ინტელექტი, ერუდიცია, წიგნიერება. ყველაზე მთავარი არის ოჯახი. ძალიან კარგია, რომ სიკვდილამდე ვართ უზომოდ მიჯაჭვული ოჯახზე, ვზრუნავთ მშობლებზე, სირცხვილია და გასაკიცხია, რომ არ გამოიჩინო ყურადღება მშობლების მიმართ, მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ​45 წლის ასაკში უწევთ ნებართვის აღება მშობლებისგან, ნათესავებისგან, მეზობელი ლამარასგან, რომ თავის ცხოვრებაში მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რამე შეცვალონ.“

თამუნა გომართელის თქმით, მამაკაცებსა და ქალებს საზოგადოებამ კონკრეტული ფუნქციები მიანიჭა და განუსაზღვრა, რა უნდა აკეთონ:

„მამაკაცებსა და ქალებს საზოგადოებამ მივანიჭეთ კონკრეტული ფუნქციები. გენდერის მხრივ განვუსაზღვრეთ მათი საკეთებელი საქმეები. მოლოდინებიც განსხვავდება. მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც არ აქვს ორატორული ნიჭი, არ არის თამადა, არ უყვარს თრობა და ღვინო, მაგრამ ეს ხომ არამამაკაცურია, რომ სუფრაზე სადღეგრძელო არ თქვას.“

„ტრადიციები ჰგავს ერთ დიდ სკივრს, რომელშიც ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ ნივთებს ყრიდნენ. პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს სკივრი არსებობს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არასდროს აზრად არ მოგვდის, რომ ეს სკივრი დავალაგოთ. არასოდეს შევდგებით საზოგადოებად, ვერ გავიზრდებით, თუ არ გადავხედავთ, რა გვჭირდება იქიდან და რა - არა,“ - აღნიშნულ საკითხზე თამუნა გომართელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პრაიმშოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„პრაიმშოუ“

წაიკითხეთ სრულად