Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი უსაფუძვლოდ შფოთავს სხეულის ტემპერატურის გამო...“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი უსაფუძვლოდ შფოთავს სხეულის ტემპერატურის გამო...“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც სხეულის ტემპერატურის გამო უსაფუძვლო შფოთვის შესახებ ისაუბრა და აღნინა, რომ ადამიანები „სიცხის“ გამო ექიმთან უსაფუძვლოდ ხშირად მიდიან:

„ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი უსაფუძვლოდ შფოთავს სხეულის ტემპერატურის გამო. შეიძლება ითქვას, რომ ექიმთან ვიზიტების გაუმართლებლად დიდი რიცხვი სწორედ „სიცხის“ გამო ხდება. თუმცა, „სიცხის“ განმარტება განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც საზოგადოებაში არსებობს. ზოგადად, 37C ტემპერატურა მიღებულია სხეულის ნორმალური ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლად. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს რობოტივით აუცილებლად ერთნაირი ტემპერატურა უნდა ჰქონდეს და რომ ეს ციფრი აუცილებლად 37-ს ქვემოთ უნდა იყოს. ​მიღებულია, რომ სიცხედ ითვლება იღლიის ტემპერატურა 37.5-ზე მეტი და პირის ღრუში გაზომილი ტემპერატურა 37.8-38-ზე მეტი.

საქართველოში ყველაზე დამკვიდრებული პრაქტიკაა იღლიის ტემპერატურის გაზომვა, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში პირის ღრუს ტემპერატურის ზომავენ და შედარებით უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, ვიდრე იღლიის ტემპერატურა.

სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ (მათ შორის კოვიდის), სხეულის ტემპერატურის ზომიერი მომატება ჩვეულებრივი მოვლენაა და ამან არ უნდა გამოიწვიოს იმ მასშტაბით ღელვა, რაც ჩვენთან შეინიშნება, მითუმეტეს, რომ, კიდევ ვიმეორებ, 37.5-მდე ტემპერატურა შეიძლება პათოლოგიური სულაც არ იყოს.

ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს დღე-ღამის განმავლობაშიც. საღამოს საათებში სრულიად ჩვეულებრივი ამბავია უფრო მაღალი ციფრები, ვიდრე დილით. ასევე მკვეთრად მერყეობს ემოციურ ფონზე და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას არავითარი პათოლოგია არა აქვს, ამის დაჯერება ძალიან უჭირთ და დაჟინებით მოითხოვენ რაიმე დიაგნოზს. პაციენტის მხრიდან ეს ზეწოლა და ასევე ზოგჯერ არაკეთილსინდისიერება შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რასაც ყოველდღე ვხედავთ - ადამიანები გამოკვლევების შედეგების უზარმაზარი შეკვრით, რომელთა უდიდესი ნაწილი სრულიად ზედმეტი იყო და არასაჭიროდ შეიწირა პაციენტის დრო და ფული.

არადა, ასეთ ადამიანებთან ზოგჯერ ძალიან რთულია კომუნიკაცია. მეც, ისევე როგორც რიგითი ქართველი ექიმი, რომელსაც ასევე უჭირს პაციენტის წნეხთან გამკლავება, რაღაც საბაზისო კვლევებს ვუნიშნავ, რომ გარკვეული ზოგადი შთაბეჭდილება შევიქმნა პაციენტის ჯანმრთელობაზე და ეს კვლევები ზედმეტი ალბათ არავისთვის არ არის. ამის შემდეგ კი პაციენტმა უნდა დაიჯეროს, რომ აღარ არის საჭირო რაღაც უსასრულო და გაურკვეველი გამოკვლევების ჩატარება. არადა, დაჟინებით მოითხოვს გარანტიას, რომ „არაფერი ჭირს“. იმის გარანტია, რომ „არაფერი ჭირს“, არავის არასოდეს არა აქვს - არც ნორმალური ტემპერატურის და​ არც ე.წ. დაბალი სიცხის მქონეს (ანუ 37-37.5). ზოგი პაციენტი უხალისოდ თანხმდება იმაზე, რომ კვლევები აღარ ჭირდება, ზოგიც სხვა, „უფრო ყურადღებიან“ ექიმთან ინაცვლებს, რომელიც აგრძელებს გამოკვლევებს და საბოლოოდ შედეგამდე ვერ მიდის, თუმცა შედეგი, ანუ დიაგნოზი, უმრავლეს შემთხვევაში, ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ პაციენტი რეალურად ჯანმრთელია, უბრალოდ მას ამის დაჯერება უჭირს.

ამდენი კვლევის დროს ზოგჯერ რაღაც, სრულიად ტემპერატურასთან კავშირის არმქონე, პათოლოგიაც შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ამ ლოგიკით ადამიანებმა მუდმივად ხომ არ უნდა იკვლიონ ყველა ორგანოთა სისტემა.

მოკლედ, სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ამ კოვიდის ეპოქაში განსაკუთრებით მომრავლდნენ ამ ე.წ. დაბალი სიცხით დატანჯული ადამიანები. პირველ რიგში იმიტომაც, რომ სიცხის ზომვის ასეთი მასშტაბი ალბათ ისტორიას არ ახსოვს. არადა, მათგან ნაწილს შეიძლება პოსტ-კოვიდი აქვს, ნაწილი კი სრულიად ჯანმრთელია და რატომღაც აუცილებლად უნდა, რომ ტემპერატურა 37-ზე ნაკლები ქონდეს. და ეს ადამიანები აშკარად ძალიან იტანჯებიან, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ,“ - აღნია მაია ბუწაშვილმა. 

წაიკითხეთ სრულად