Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორსულს სჭირდება განსაკუთრებულად მოფრთხილება ემოციურად. სამწუხაროა, რომ ხშირად ამას მხედველობაში არ იღებენ,“ - თეა გოგოტიშვილი

„ორსულს სჭირდება განსაკუთრებულად მოფრთხილება ემოციურად. სამწუხაროა, რომ ხშირად ამას მხედველობაში არ იღებენ,“ - თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა ორსული ქალების ემოციური სტაბილურობისა და სიმშვიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად ორსული ქალბატონები საკუთარ თავს თავად არ უფრთხილდებიან:

„ორსულს სჭირდება განსაკუთრებულად მოფრთხილება ემოციურად. სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში საერთოდ ​მხედველობაში არ იღებენ ორსულობას, როგორც სპეციფიკურ მდგომარეობას. შესაძლოა, ხშირად თავად დედები უგულებელყოფდნენ ამის მნიშვნელობას. სამწუხაროდ, ბევრი თამბაქოს მომხმარებელია, რაც კატასტროფულად მოქმედებს ემბრიონზე. ფიზიკურ ჯანმრთელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს მისი ნევროტიზაციის წყაროა. ზოგჯერ სხვა მავნე ნივთიერებების მიღებაზეც კი არ ამბობენ უარს დღევანდელ დღეს არასერიოზული დამოკიდებულების მქონე დედები.“

თეა გოგოტიშვილმა ხაზი გაუსვა მეუღლის როლს ორსული ​ქალბატონისთვის სტაბილური გარემოს შექმნასთან დაკავშირებით:

„მხოლოდ დედის საკითხი არ არის აქტუალური. ბავშვის მამამ, რომელიც არ დაგიდევთ იმას, რომ დედას აწყენინოს, მის ემოციურ მდგომარეობაზე არ იზრუნოს, შეიძლება დედის გულგატეხილობა და მძიმე ემოციური დათრგუნვაც კი გამოიწვიოს. ის საერთოდ არ იღებს თავზე პასუხისმგებლობას, რომ დედის გავლით სწორედ მისი მომავალი ბავშვის ფსიქიკა ზიანდება.“

„დღევანდელ დღეს ძალიან ფართოდ გავრცელებულია მძიმე პრობლემა, რომელსაც ​აუტისტური სპექტრის აშლილობა ჰქვია. სტატისტიკურად სუფთა სახის აუტიზმთან ნაკლებად გვაქვს ხოლმე საქმე. აუტისტური სპექტრის, ანუ გარკვეული აუტისტური გამოვლინებების მქონე ბავშვები ძალიან ხშირად იბადებიან. ამას მხოლოდ ეკოლოგიას და გარკვეულ ფიზიკურ მოვლენებს ვერ დაუკავშირებს ვერცერთი მკვლევარი. უპირველესად პრობლემის მიზეზი არის სწორედაც ემბრიონულ პერიოდში ის ემოციური ფონი, რა ფონზეც ყალიბდება ცხრა თვის განმავლობაში მუცლად მყოფი ბავშვის ფსიქიკა,“ - აღნიშნა თეა გოგოტიშვილმა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად