Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„იყავით მშვიდები და ბედნიერ ბავშვობაში აცხოვრეთ თქვენი შვილები,“ - ბაკურ კოტეტიშვილის რჩევები მშობლებს

„იყავით მშვიდები და ბედნიერ ბავშვობაში აცხოვრეთ თქვენი შვილები,“ - ბაკურ კოტეტიშვილის რჩევები მშობლებს

ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია შვილების ბავშვობა უზრუნველყონ და მაქსიმალურად გააუხანგრძლივონ შვილებს ბავშვობის ეტაპი:

„მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვების ბავშვობა. თუ ბავშვები ბავშვებად დარჩებიან რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, ეს ძალიან კარგია. მშობლებს გვაწყობს, რომ მალე გაიზრდონ ბავშვები, ზრუნვა რომ ნაკლები გვქონდეს. პრობლემები ყოველთვის იარსებებს, თუნდაც 20 წლის იყოს ბავშვი, ან 2 წლის.“

ბაკურ კოტეტიშვილმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მშობლებსა და შვილებს პანდემიის გამო დაწესებულმა აკრძალვებმა შეუქმნა:

„ეს აკრძალვები და ჩაკეტვები ვის უხარია, ხომ?! ​მშობლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვებმა ეს ეტაპი მაქსიმალურად მსუბუქად გადაიტანონ. ბავშვებთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრმა მშობელმა მითხრა: „როდის გაიხსნება სკოლები? აღარ შემიძლია ამათანი ატანა!“ ვითომ გაგვეცინება, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ, მას უჭირს შვილებთან ურთიერთობა, ვერ მოუფიქრებია, რა გააკეთოს. ამ დროს უმარტივესია, რა უნდა ბავშვთან ურთიერთობას?!“

ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, მშობლებს არ მოსწონთ, როდესაც თავადაც ბავშვურად უხდებათ მოქცევა და შვილებთან ერთად ენერგიის დახარჯვა:

„ჩვენ ბავშვის ჭკუაზე უნდა ვიყოთ და ეს არ გვაწყობს. მშობელმა უნდა იკოტრიალოს ბავშვთან ერთად, უნდა შეძვრეს საწოლის ქვეშ. ამ დროს რაღაც ჩამოვარდება, რაღაც გატყდება. ეს უკვე აღარ გვაწყობს. ყველა ჩვენგანს უტყდება ჭიქა, თეფში. აბა ბავშვმა გატეხოს, მაშინვე ვიწყებთ ზეწოლას მასზე. ამ დროს ჩვენც გვიტყდება ყველას რაღაც. არ გიტყდებათ ოჯახში თეფში? ​ბავშვი რომ გაიყვანოთ ეზოში, ეთამაშოთ, ირბინოთ მასთან ერთად, არცერთი არ მოგთხოვთ არც კომპიუტერს, არც ტელევიზორს და არც ტელეფონს.“

„პირველ რიგში, უნდა ვუზრუნველყოთ ბავშვის დაცულობა. ​ბავშვის დაცვა არ არის ჩაცმა, ჭამა, დაცვა არის გარემოს სიმშვიდე. ნებისმიერი ოთახი შემოფარგლული სივრცეა, ეს არ არის ლაღი სისტემა. ბავშვს აინტერესებს, რა ხდება კედლის იქით. ეს აღმომჩენობა ბავშვის ტვინის განვითარებაა, რომელსაც ის მთელი ცხოვრება იყენებს. მაღალი ან დაბალი თვითშეფასება ბავშვებში მშობლებთან ურთიერთობის ფენომენით არის განპირობებული. ჩვენ არ გვახსოვს თუნდაც ერთი კვირის წინ ნათქვამი სიტყვები, ბავშვი ამას ყველაფერს იმახსოვრებს. იყავით მშვიდები და ბედნიერ ბავშვობაში აცხოვრეთ თქვენი შვილები,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბაკურ კოტეტიშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად