Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვისთვის ათჯერ თქმა რომ არ დაგვჭირდეს, უნდა გვქონდეს სისტემატური და ავტორიტეტული მიდგომა აღზრდის მიმართ,“ - ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი

„ბავშვისთვის ათჯერ თქმა რომ არ დაგვჭირდეს, უნდა გვქონდეს სისტემატური და ავტორიტეტული მიდგომა აღზრდის მიმართ,“ - ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი

ბავშვთა ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი გადაცემაში „იმედის დღე“ პოზიტიური მშობლობის უპირატესობების შესახებ საუბრობს და ბავშვთან ურთიერთობისას ლექსიკის კონტროლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

„პოზიტიურ მშობლობაში ერთ-ერთი მთავარი გახლავთ ლექსიკის კონტროლი. ეს პოზიტიური მშობლობის ამოსავალი დებულებაა. ​როდესაც ბავშვს ვეუბნებით, რომ ქცევა არ მოგვწონს და ეს ცუდი საქციელია, ეს ფრაზა შეიძლება შემდეგნაირად შეიცვალოს: „როდესაც ასე იქცევი, მე გაცილებით უფრო მომწონს. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ ხანდახან შენი საქციელი ისეთი კარგი არ არის.“შეგვიძლია ბავშვს ვუთხრათ: „არ მომწონს,“ მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს საქციელს.“

ნატა მეფარიშვილის თქმით, ბავშვთან სისტემატური და ავტორიტეტული მიდგომა უნდა გამოვიყენოთ:

​ისე უნდა ვიფიქროთ მშობლობასა და აღზრდაზე, რომ ბავშვისთვის ათჯერ თქმა არ დაგვჭირდეს. ეს არის სისტემატური და ავტორიტეტული მიდგომა აღზრდის მიმართ. ავტორიტეტულ აღზრდას განაპირობებს ის, რომ მე როდესაც ვამბობ „არას,“ ეს „არა“ ყოველთვის არის „არა.“ შეიძლება აბსოლუტურად გაკონტოლებული ინტონაციით და ხმით ვთქვა. როდესაც ვამბობ „კის,“ ეს „კი“ არის „კი.“ „არა“ და „კი“ შუა გზაში არ გადაკეთდება საპირისპიროდ.“

ნატა მეფარიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს მშობელი, რომელიც აღზრდისას შეცდომებს არ უშვებს:

„ჩვენ, როგორც მშობლები, ცხადია, რომ ცოცხალი ადამიანები ვართ. მე ამ რეკომენდაციებს რომ ვამბობ, არ ვგულისხმობ, რომ ყოველთვის იდეალურად და კარგად მოვიქცევით, ან არსებობენ იდეალური მშობლები. ხშირად როდესაც ფსიქოლოგებს უსმენენ, ამბობენ, რომ ნეტავ ახლა თვითონ როგორ იქცევაო. ცხადია, ყველას ეშლება.​ მშობელი კარგი მშობელია მაშინ, როდესაც თავის საქციელს კრიტიკულად უყურებს, ცდილობს, რომ ცოდნა გაიღრმავოს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ეძებს მხარდაჭერას სხვა მშობლებთან ან პროფესიონალთან.“

ნატა მეფარიშვილის თქმით, უპირობო სიყვარული ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია:

„ნებისმიერ შემთხვევაში რომ გვიყვარს ჩვენი შვილი, როგორც უნდა მოიქცეს, წარმატებული, წარუმატებელი, კარგი საქციელით, ცუდი საქციელით, ეს არის უპირობო სიყვარული. ამის შეგრძნება ბავშვს მუდმივად უნდა ჰქონდეს და მაშინ ვარ ადეკვატური მშობელი, მაშინ მყავს ფსიქიკურად ჯანსაღი შვილი. თუ მე მას ოდნავ მაინც ვაგრძნობინებ სიტყვით, ქცევით ან მზერით და ბავშვმა დაიჭირა, რომ იქ ის არ არის, რასაც ელის მშობლისგან, აი, ​იქ პრობლემები ჩნდება.“

„ბავშვს ათჯერ რომ ეუბნებით და უკვე მოჩეჩვამდე მიდიხართ, ​მას უნდა ვუთხრათ მისი ამ საქციელის შემთხვევაში, რა შედეგი დადგება. ბავშვს უნდა ვუთხრათ: „თუ ახლა არ შეწყვეტ ამ უსაქციელობას, საღამოს ვერ უყურებ მულტფილმს. ეს უნდა შესრულდეს. ეს პრივილეგიები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მულტფილმი უნდა უნდოდეს, ეზოში თამაში უნდა უნდოდეს,“ - აღნიშნავს ნატა მეფარიშვილი.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად