Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება მივცეთ," - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი ბავშვთან ურთიერთობისას სიტყვა „არას“ გამოყენების შეზღუდვის საჭიროებაზე საუბრობს და მშობლებს ურჩევს, რომ არას სანაცვლოდ მათ ბავშვს სხვა ალტერნატივა შესთავაზონ:

„ბავშვებთან ურთიერთობისას სიტყვა „არა“ ნაკლებად უნდა გამოვიყენოთ. არას სანაცვლოდ ბავშვს ვთავაზობ რაღაცას, მაგ. მოდი, ერთად მოვძებნოთ შენთვის სათამაშო. აკრძალვების ქვეშ გაზრდილი ბავშვი არის ბავშვი, რომელსაც კომპლექსები უჩნდება, რომელსაც სიახლის შიში აქვს, არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული. ვერ ვიტყოდი, რომ ის უფრო აგრესიული ბავშვი გაიზრდება. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და არცერთი კვლევა არ გამორიცხავს, რომ ერთი მიდგომით სხვა ბავშვი სხვანაირი არ გაიზრდება.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, მუდმივი აკრძალვა ბავშვს უინიციატივობას და მორჩილებას აჩვევს:

„მუდმივი აკრძალვა ნიშნავს, რომ რაღაცას ვაფუჭებ, ეს არ შეიძლება, ეს არ უნდა გავაკეთო, სულ სხვას ვუჯერებ. მე რომ ჩემით გავაკეთო რამე, ჩემი ინიციატივა წაახალისონ, ან დავაშავე, გავტეხე ჭიქა, მაგრამ კი არ დამსაჯეს, მითხრეს, რომ არაუშავს, ძველი იყო და გადავაგდოთო, ეს არის ნორმალური.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, აკრძალვა ყველა ბავშვისთვის საჭიროა, თუმცა მას ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს:

„აკრძალვა ყველა ბავშვს სჭირდება. იმისთვის, რომ ფასეულობები ჩამოყალიბდეს, პატარიობიდანვე იწყება ეს პროცესი. რაღაც არის, რაც არ შეიძლება, არის, რაც შეიძლება. აქ იმაზეა საუბარი, რომ როდესაც მუდმივად გესმის: „ეს არ გააკეთო, ეს არ შეიძლება,“ მართლა უკვე აღარ ისმინება. მშობლები და ოჯახის წევრები უნდა შეთანხმდნენ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. დარტყმა არ შეიძლება, შეურაცხყოფა არ შეიძლება, ფანჯარაზე ასვლა არ შეიძლება, არ შეიძლება, რომ კიბეებზე ათ კიბეს გადაახტე. უბრალოდ ბავშვს ეს ყველაფერი უნდა ავუხსნათ. არის ის, რაც რეალურად არ შეიძლება, მაგრამ ამ არ შეიძლებას მოჰყვება ახსნა.“

„არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება მივცეთ. ესეც უკუშედეგს გამოიღებს, იმიტომ, რომ ბავშვმა არ იცის სიტყვა არას მნიშვნელობა. თუ ოჯახში ხელს ვერ უწყობენ და ყველა ხელს ვერ შეუწყობს, ის დაიწყებს ისტერიკას, რას ჰქვია არა მითხრესო. ემოციური პრობლემები ამ შემთხვევაშიც ჩნდება, ისევე როგორც ყველაფრის აკრძალვის დროს,“ - აღნიშნავს მარიამ ხვადაგიანი.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად