Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს ოთხი კითხვა თუ არ გაუჩინე ბავშვს, რა მასწავლებელი ხარ?!“

​„ნიშნები უნდა შევკრიბოთ და ჩავყაროთ კოცონში. ნიშნები იეზუიტების გამოგონებაა, რომ ჯოხი შეეცვალათ ციფრით და ბავშვი ფიზიკურად სკოლაში კი არ დაესაჯათ, არამედ მშობლებისთვის ეთქვათ, დასაჯეთ თქვენ თვითონ. 

ბავშვი რომ სახლში მივა, პირველი კითხვა რა არის? - რა მიიღე? ახლა ელექტრონული დღიური გამოიგონეს და დედა უკვე ცოცხით ხვდება ბავშვს.

მშობელთა კრებაზე რომ მივა დედა, მათემატიკის მასწავლებელს უნდა უთხრას, მე მათემატიკა არ მაინტერესებს, ეგ თქვენი საქმეა, უნდა ასწავლოთ ჩემს შვილს, აბა რა? - თუ ამას არ გააკეთებ, აბა რა მასწავლებელი ხარ, მაგრამ ბავშვს სულს უზრდის მასწავლებელი? ეს თქვა ილიამ - „აღზარდე შენ შვილის სული“, უზრდი სულს, აკვალიანებ? გურამიშვილისა არ იყოს, ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაოვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო? - ეს ოთხი კითხვა თუ არ გაუჩინე ბავშვს, მაშინ რა მასწავლებელი ხარ?!“ - აღნიშნა აკადემოკოსმა შალვა ამონაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად