Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დახურულ სივრცეში ბავშვს არ სიამოვნებს ხმაური და მრავალი ახალი სახის ნახვა" - წინასაახალწლო რჩევები პედიატრისგან

,,დახურულ სივრცეში ბავშვს  არ სიამოვნებს ხმაური და მრავალი ახალი სახის ნახვა" - წინასაახალწლო რჩევები  პედიატრისგან

რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა წინასაახალწლოდ, რათა შვილს აარიდოს სადღესასწაულოდ მოსალოდნელი სტრესი - ამის შესახებ პედიატრი, ეკა  უბერი პირველი არხის გადაცემაში - ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს.

,,სტატისტიკურად, საახალწლო, სადღესასწაულო დღეებში გაცილებით მაღალია როგორც ინფექცური, ისე - არაინფექციური პათოლოგიით განპირობებული ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს იქ, სადაც პატარა ბავშვია, მით უფრო - 6 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია, დავგეგმოთ ჩვენი დღე და სადღესასწაულო ღონისძიებები, რაც სახლში თუ სახლის გარეთ უნდა ჩატარდეს და მოვარგოთ ის ბავშვის რეჟიმს. 

ბევრი მშობელი დამეთანხმება, რომ ძილის რეჟიმის თუნდაც ერთ საათით დარღვევა ბავშვს ხდის ჭირვეულს, ის ტირის, უგუნებოდაა, კვების რეჟიმი ერღვევა, იცვლება მისი ქცევა და მშობელსაც აღარ აქვს ის კომფორტი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მას ძილის რეჟიმი არ დავურღვიოთ. ბევრი ბავშვი ვერ იტანს ხალხმრავლობას, სტუმრიანობას, ხმაურს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და უნდა მოვერგოთ ბავშვის მოთხოვნილებებს, რადგან ჩვენი ოჯახების ბედნიერება, პირველ ყოვლისა, ბავშვის კარგად ყოფნაში მდგომარეობს. შეძლებისდაგვარად, უნდა გავითვალისწინოთ მისი საჭიროებები.

შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, მაგრამ აღვნიშნავ - დახურულ სივრცეში ბავშვს  ნამდვილად არ სიამოვნებს ხმაური და მრავალი ახალი სახის ნახვა, ეს მათთვის არ არის სიამოვნების მომტანი. უკეთესია, ერთად გავიდეთ გარეთ, თუნდაც ბევრ ბავშვთან, მაგრამ არა - დახურულ სივრცეში", - აღნიშნავს ეკა უბერი.


წყარო:​ ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად