Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არის შემთხვევები, როდესაც ვირუსიან ბავშვებს წამლებს ატანენ მშობლები ბაღებში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოში ვირუსული ინფექციების მატარებელი ბავშვების ბაღებში გაშვების საზიანო პრაქტიკაზე ისაუბრა:

„არის შემთხვევები, როდესაც ვირუსიან ბავშვებს წამლებს ატანენ მშობლები ბაღებში. მათ დეკრეტული შვებულებები საკმაოდ მოკლე აქვთ. ეს არის ჩვენი კომერციული აგრესია მშობლებზეც. ამ მშობლებმაც ერთის მხრივ რა ჰქნან?! მშობლებს ვურჩევ, რომ ნებისმიერი ვირუსული ინფექციის პერიოდში ბავშვი მინიმუმ ერთი კვირა, ათი დღე იყოს სახლში.“

თემურ მიქელაძის თქმით, ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია:

​იმისთვის, რომ ვირუსული ინფექციები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა. ხელების ხშირად დაბანა, ხველის ან ცემინების დროს არა ხელისგულის, არამედ იდაყვის აფარება. ხელისგული არის ყველაზე ხშირი დამაინფიცირებელი საშუალება ბავშვების. საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, ბალანსირებული, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, ხილით დატვირთვა. დახურული სივრცეების განიავება დღეში 3-4-ჯერ მაინც.“

„განიავების დროს ბავშვი იქ არ უნდა იმყოფებოდეს. უნდა გავიდნენ. ე.წ. ორპირი უნდა გაკეთდეს დაახლოებით 2-3 წუთი და მერე ისევ შემოვიდნენ. ამას არ ახორციელებენ, როგორც წესი და როგორც კი დაიწყება სწავლა სკოლამდელ დაწესებულებებში, ვრცელდება ვირუსები,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ს​აპატრიარქოს ტელევიზია

წაიკითხეთ სრულად