Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტკბილეული არის მადის პირველი მტერი, მით უმეტეს, თუ ხშირი წახემსებაა,“- პედიატრი ყარამან ფაღავა

„ტკბილეული არის მადის პირველი მტერი, მით უმეტეს, თუ ხშირი წახემსებაა,“- პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში ტკბილის მიღების წესზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, ჭარბი წონის პრობლემის შემთხვევაში ტკბილი რაციონიდან ამოიღონ:

„რამოდენიმე წლის წინ საქართველოს მოზარდები გამოვიკვლიეთ 12-დან 14 წლამდე და გასაოცარი შედეგები მივიღეთ. ჩვენი მოზარდები ხილს არ ჭამენ. მეორე პატარა შენიშვნა მაქვს იოგურტის თვალსაზრისით. მე მაწონი მირჩევნია, მაგრამ იოგურტიც კარგია. თუმცა როდესაც დამატებებია იოგურტში შაქრიანი ეს ნაკლებად სასურველია. იოგურტი უნდა იყოს დამატკბობლების გარეშე.

რაც შეეხება ტკბილეულს, საკუთრივ შოკოლადი ცუდი საკვები არ არის, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ტკბილეული ეს არის მადის პირველი მტერი, მით უმეტეს, ტკბილეულით ხშირი წახემსებები თუ გვაქვს. თუ ბავშვი ჭარბწონიანია, მაშინ სჯობს ტკბილეული საერთოდ აიკრძალოს. თუ ბავშვს დაბალი წონა აქვს, შესაძლებელია მივცეთ ტკბილეული, კანფეტის მომხრე არ ვარ. შეგვიძლია მივცეთ კარგი შოკოლადი, ნამცხვარი, მაგრამ სადილის შემდეგ, როდესაც ყველაფერს შეჭამს, მერე დააყოლოს ტკბილი ბავშვმა.

იმის თქმა, რომ დაგაჯილდოვებ და მსგავსი ვაჭრობა ჭამასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს. ხილიც და ტკბილიც შეიძლება სადილის შემდეგ. კიდევ უკეთესია თუ იქნება ცალკე იჯრაზე, იმიტომ, რომ სადილის შემდეგ ჩვეულებრივ საჭმელს ტკბილეულს თუ მიაყოლებთ, კუჭის წვენის დათრგუნვა მოხდება. ნამეტანი არ გვინდა. ტკბილი მადის მომმატებელია, მაგრამ თუ ბავშვი გამხდარია, კალორაჟის მოსამატებლად შეგვიძლია მივცეთ ან ცალკე იჯრაზე, ან სადილის შემდეგ,“- მოცემულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად