Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხომ შეიძლება ადამიანები დავფიქრდეთ, რას ვუტოვებთ შვილებს?! ხომ შეიძლება შევეცადოთ, რომ დადებითი დავუტოვოთ,“- დეკანოზი შალვა კეკელია

„ხომ შეიძლება ადამიანები დავფიქრდეთ, რას ვუტოვებთ შვილებს?! ხომ შეიძლება შევეცადოთ, რომ დადებითი დავუტოვოთ,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ იმ პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა, რომელიც მშობლებს შვილების წინაშე ეკისრებათ:

„სიკეთეს მარტო შენთვის არ აკეთებ. როდესაც შენ სიკეთეს აკეთებ, შენი სიკეთე არის გადამდები. როდესაც ბოროტებას აკეთებ, ეს ბოროტებაც არის გადამდები. მარტო შენ არ ზიანდები! ერთ-ერთ ქადაგებაში ვისაუბრე, ჩვენი ცოდვები გადადის ჩვენს შვილებზე-მეთქი და სხვანაირად გაიგეს. ცოდვა კი არ გადადის ჩვენს შვილებზე, ჩვენი დამოკიდებულება გადადის. გენეტიკა იმახსოვრებს შენს ურთიერთობებს, შენს დამოკიდებულებებს. ყველა ერს აქვს თავისი გენეტიკური კოდი. გენეტიკა ყალიბდება ერში. წინაპრები აყალიბებენ ჩემს გენეტიკას და მე ამ გენეტიკას ვაგრძელებ. მე შეიძლება შევცვალო ეს გენეტიკა, მერე ჩემმა შვილმაც, თუ ცუდი იყო რამე, უფრო კარგისკენ წავიდე.

თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რას როგორ წარვმართავთ. შენ მარტო შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი. შენ რომ დღეს მწეველი ხარ, შენ რომ დღეს ლოთი ხარ, შენ რომ დღეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ხარ, ამით შენს შვილებს აზიანებ. შენს გენეტიკაში ამ კოდს ტოვებ, რაც მერე შენმა შვილმა უნდა იწვალოს, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს. როდესაც შენ კეთილი ხარ, შენს შვილებს მარტივ გზას აძლევ. ხომ შეიძლება ადამიანები დავფიქრდეთ ამაზე, რას უტოვებ შენს შვილს, რას აგრძელებ. ხომ შეიძლება შევეცადოთ, რომ დადებითი დავუტოვოთ და ნარკომანია, თამაში და ეს საშინელებები არ გადავცეთ ჩვენს შთამომავლობას?!“- აღნიშნულ საკითხზე მამა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო:​ „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“

წაიკითხეთ სრულად