Baby Bag

„თუ ბავშვს ძუძუთი კვებას სწრაფად შევუწყვეტთ, შეიძლება წამოვიდეს ქცევითი სირთულეები, ძილის დარღვევები,“- ფსიქოლოგი ნატო ბაქრაძე

ფსიქოლოგმა ნატო ბაქრაძემ დედა შვილს შორის ჯანსაღი მიჯაჭვულობის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვისთვის დედა არის სამყარო. დედამ როგორც მიიღო ის, ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს მას საკუთარი თავისადმი. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ დედის სხეული მისთვის არის ერთადერთი სიმშვიდის წყარო, იქიდან იღებს კვებას, სითბოს, ასე სტიქიურად ამის გამოგლეჯა, რომ ვაი, არ მომეჯაჭვოს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ეს უნდა იყოს დედის დაკვირვების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. თუ ბავშვს ძუძუ კვებისთვის აღარ სჭირდება და ეს მისთვის დამამშვიდებელი მომენტია, ამის შემჩნევა დედას არ გაუჭირდება. შეიძლება ეს გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა ვდისტანცირდეთ მისგან და დამატებითი საშუალებები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შფოთვა როდესაც აქვს სხვა რამით დამშვიდდეს ბავშვი და არა დედის სხეულით.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებას სწრაფად შევუწყვეტთ, ბუნებრივია, მისი შფოთვითი მდგომარეობა ძალიან თვალშისაცემი იქნება. შეიძლება წამოვიდეს ქცევითი სირთულეები, ძილის დარღვევები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ მას. დედა-შვილი ერთმანეთს უნდა მოერგონ, როგორ შეიძლება დისტანცირდეს მშობელი.

ემოციური მიჯაჭვულობა ნებისმიერ ასაკში გვჭირდება, მაგრამ ამას თავისი დოზა აქვს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ მთლიანად დამოკიდებული ვიყოთ ვიღაცაზე. ბაზისური მოთხოვნილების კუთხით ემოციური მიჯაჭვულობა 3 წლამდე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. 3 წლიდან, როდესაც ბავშვი იწყებს „მე მინდა, მე თვითონ,“ ბავშვის ფიზიოლოგიური ჩახსნა ბუნებრივად ხდება. ზოგჯერ დედებს ემართებათ ჰიპერმზრუნველობა და არ აძლევენ მას ამის საშუალებას,“- მოცემულ საკითხზე ნატო ბაქრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს ენდეთ მაშინ, როდესაც ის გატყუებთ, არასდროს არ ამხილოთ ტყუილებში,“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

„ბავშვს ენდეთ მაშინ, როდესაც ის გატყუებთ, არასდროს არ ამხილოთ ტყუილებში,“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს შვილებისადმი ნდობის გამოჩენისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ ბავშვს მაშინ ენდონ, როდესაც ის ცრუობს:

„ერთი მეთოდი არის ნდობა თქვენი შვილების მიმართ. ​ბავშვს ენდეთ მაშინ, როდესაც ის გატყუებთ. ახლა არ მითხრათ: „მაშინ მატყუოს სულ?!“ როდესაც ბავშვი გატყუებს და შენ თავს უქნევ, მისი სინდისი იღვიძებს. ბავშვი წუხილს იწყებს. აი, ეს წუხილი მეხმარება მე მის აღზრდაში. ის ხომ აფორიაქებულია, ფიქრობს: „მამა არ გამიბრაზდა, არ დამიყვირა. იქნებ მართალი მეთქვა, რას ვატყუებდი?!“ სინდისის ქენჯნა დიდი აღმზრდელია ჩვენში.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვი ტყუილებში არ უნდა ვამხილოთ, რადგან ეს მის ფსიქიკაზე დაღს დატოვებს:

„ბავშვს ენდეთ და ​არასდროს არ ამხილოთ ტყუილებში. გაიხსენეთ, თუ ოდესმე გამხილათ დედამ: „შენ მე ტყუილს მიბედავ?“ ეს დღემდე გატყვიათ თქვენ, როგორც დაღი. როდესაც ბავშვი რაღაცას გიამბობთ, არ შეეჩაროთ და არ გააწყვეტინოთ აზრი, დააცადეთ. თქვენი აზრები არ შეჩაროთ მის საუბარში. ბოლომდე მოუსმინეთ ბავშვს, რას გეუბნებათ ის. მიიღე ბავშვი, როგორიც არის. გაუტოლდი ბავშვს. იყავი დედა, მამა, მასწავლებელი. ბავშვმა იცის ეს, რომ შენ მეტი ხარ უფლებებით. ბავშვის აღზრდაში ის ძალაა კარგი, რომელიც არ გამოიყენება. ძალა მე მაქვს, შემიძლია კუთხეში დაგაყენო, წაგართვა, არ მოგცე, არ გაგიშვა. ბავშვმა იცის, რომ მე ეს შემიძლია, მაგრამ არ გამოვიყენე, თანატოლობა ვაგრძნობინე. ვითომ ჩვენ ტოლები ვართ. სიტყვა „ვითომ“ არ დაივიწყოთ.“

​დედა კი ხარ,მაგრამ დაივიწყე, ვითომ დედა არ ხარ. მიდი შენს ქალიშვილთან, უთხარი: „მინდა, რაღაც გიამბო. ხომ არ მირჩევ რაღაცას?!“ როდესაც 13 წლის გახდება, ის აქეთ მოვა და გეტყვის: „დედა, ასეთი რაღაც მემართება და რა ვქნა?!“ თქვენ, ალბათ, ბევრი რამ დაგიმალავთ თქვენი მშობლისთვის. ბავშვმა დაუმალა მამას, რომ სიგარეტის მოწევა დაიწყო. როგორ უთხრას, ხომ გადაირევა მამა?! არ გაგიმხილა ბავშვა მისი მეორე მხარე. არადა აღზრდა იქ გჭირდება, სადაც დარღვევები ხდება. ასე რომ არ მოხდეს, ამიტომ დობილად გაიხადე ბავშვი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად