Baby Bag

„თუ ბავშვს ძუძუთი კვებას სწრაფად შევუწყვეტთ, შეიძლება წამოვიდეს ქცევითი სირთულეები, ძილის დარღვევები,“- ფსიქოლოგი ნატო ბაქრაძე

ფსიქოლოგმა ნატო ბაქრაძემ დედა შვილს შორის ჯანსაღი მიჯაჭვულობის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვისთვის დედა არის სამყარო. დედამ როგორც მიიღო ის, ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს მას საკუთარი თავისადმი. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ დედის სხეული მისთვის არის ერთადერთი სიმშვიდის წყარო, იქიდან იღებს კვებას, სითბოს, ასე სტიქიურად ამის გამოგლეჯა, რომ ვაი, არ მომეჯაჭვოს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ეს უნდა იყოს დედის დაკვირვების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. თუ ბავშვს ძუძუ კვებისთვის აღარ სჭირდება და ეს მისთვის დამამშვიდებელი მომენტია, ამის შემჩნევა დედას არ გაუჭირდება. შეიძლება ეს გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა ვდისტანცირდეთ მისგან და დამატებითი საშუალებები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შფოთვა როდესაც აქვს სხვა რამით დამშვიდდეს ბავშვი და არა დედის სხეულით.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებას სწრაფად შევუწყვეტთ, ბუნებრივია, მისი შფოთვითი მდგომარეობა ძალიან თვალშისაცემი იქნება. შეიძლება წამოვიდეს ქცევითი სირთულეები, ძილის დარღვევები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ მას. დედა-შვილი ერთმანეთს უნდა მოერგონ, როგორ შეიძლება დისტანცირდეს მშობელი.

ემოციური მიჯაჭვულობა ნებისმიერ ასაკში გვჭირდება, მაგრამ ამას თავისი დოზა აქვს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ მთლიანად დამოკიდებული ვიყოთ ვიღაცაზე. ბაზისური მოთხოვნილების კუთხით ემოციური მიჯაჭვულობა 3 წლამდე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. 3 წლიდან, როდესაც ბავშვი იწყებს „მე მინდა, მე თვითონ,“ ბავშვის ფიზიოლოგიური ჩახსნა ბუნებრივად ხდება. ზოგჯერ დედებს ემართებათ ჰიპერმზრუნველობა და არ აძლევენ მას ამის საშუალებას,“- მოცემულ საკითხზე ნატო ბაქრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

მაკარონი ჩვენს კუჭს ცომად რომ არ დააწვეს, მისი მომზადებისას ეს წესი აუცილებლად უნდა დავიცვათ - ლევან ქარაზანიშვილის რეკომენდაცია

მაკარონი ჩვენს კუჭს ცომად რომ არ დააწვეს, მისი მომზადებისას ეს წესი აუცილებლად უნდა დავიცვათ - ლევან ქარაზანიშვილის რეკომენდაცია

კარდიოქირურგმა ლევან ქარაზანიშვილმა მაკარონის სწორად მომზადების წესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაკარონის მირთმევა ადამიანის წონაში მატებას არ იწვევს:

„მაკარონი წონაში არ მოგამატებინებთ. საქმე იმაშია, რომ პასტას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი. ეს არის სისხლში გლუკოზის შეწოვის მაჩვენებელი და ეს ნიშნავს იმას, რომ ის საკმაოდ ნელა შეიწოვება ჩვენს ორგანიზმში. მისი მიღების შემთხვევაში მაძღრობის შეგრძნება ნელ-ნელა იმატებს და ძალიან დიდხანს გაგვყვება. მაკარონი არ უნდა იყოს გაჯერებული ისეთი სოუსებით, რომ ეს გლიკემიური ინდექსი ამ სოუსმა გადაფაროს. ბევრი ცხიმი არ უნდა დავასხათ მაკარონს.

ყველა მაკარონს აწერია ყუთზე რამდენი წუთის განმავლობაში უნდა მოიხარშოს. მე ამას ძალიან დიდი ყურადღებით ვუყურებ, როდესაც ვხარშავ. დანიშნული მაქვს დრო, იმიტომ, რომ ვიცი, რომ იმაზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არ იკარგება მისი ბუნებრივი თვისებები, რაც აქვს. გადახარშული მაკარონი არ არის სასარგებლო. ის ცომად აწვება ჩვენს კუჭს. მისი მონელებაც უფრო რთულია,“ - აღნიშნა ლევან ქარაზანიშვილმა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად