Baby Bag

„თუ ბავშვს ძუძუთი კვებას სწრაფად შევუწყვეტთ, შეიძლება წამოვიდეს ქცევითი სირთულეები, ძილის დარღვევები,“- ფსიქოლოგი ნატო ბაქრაძე

ფსიქოლოგმა ნატო ბაქრაძემ დედა შვილს შორის ჯანსაღი მიჯაჭვულობის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვისთვის დედა არის სამყარო. დედამ როგორც მიიღო ის, ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს მას საკუთარი თავისადმი. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ დედის სხეული მისთვის არის ერთადერთი სიმშვიდის წყარო, იქიდან იღებს კვებას, სითბოს, ასე სტიქიურად ამის გამოგლეჯა, რომ ვაი, არ მომეჯაჭვოს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ეს უნდა იყოს დედის დაკვირვების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. თუ ბავშვს ძუძუ კვებისთვის აღარ სჭირდება და ეს მისთვის დამამშვიდებელი მომენტია, ამის შემჩნევა დედას არ გაუჭირდება. შეიძლება ეს გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა ვდისტანცირდეთ მისგან და დამატებითი საშუალებები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შფოთვა როდესაც აქვს სხვა რამით დამშვიდდეს ბავშვი და არა დედის სხეულით.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებას სწრაფად შევუწყვეტთ, ბუნებრივია, მისი შფოთვითი მდგომარეობა ძალიან თვალშისაცემი იქნება. შეიძლება წამოვიდეს ქცევითი სირთულეები, ძილის დარღვევები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ მას. დედა-შვილი ერთმანეთს უნდა მოერგონ, როგორ შეიძლება დისტანცირდეს მშობელი.

ემოციური მიჯაჭვულობა ნებისმიერ ასაკში გვჭირდება, მაგრამ ამას თავისი დოზა აქვს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ მთლიანად დამოკიდებული ვიყოთ ვიღაცაზე. ბაზისური მოთხოვნილების კუთხით ემოციური მიჯაჭვულობა 3 წლამდე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. 3 წლიდან, როდესაც ბავშვი იწყებს „მე მინდა, მე თვითონ,“ ბავშვის ფიზიოლოგიური ჩახსნა ბუნებრივად ხდება. ზოგჯერ დედებს ემართებათ ჰიპერმზრუნველობა და არ აძლევენ მას ამის საშუალებას,“- მოცემულ საკითხზე ნატო ბაქრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

ლექსის ზეპირად სწავლასა და მუშა მეხსიერების ვარჯიშზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ბახტაძემ ისაუბრა. 

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ის, რომ მას სხვა ტიპის მეხსიერება უფრო მეტად აქვს განვითარებული, მაგალითად, ვიზუალური - ეს სხვა თემაა. მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ამაზე საუბარი არ უნდა იყოს.

ე.წ საზეპირო რა მოცულობის უნდა იყოს? - ეს უნდა იყოს შუშანიკის წამებიდან აღებული ჰაგიოგრაფიული, მძიმე ლიტერატურული ენით დაწერილი მთელი გვერდი თუ აკაკი წერეთლის ლირიკული, არაჩვეულებრივი ლექსის მხოლოდ ნაწილი, თუ რომელიმე პოემა?! - ეს უკვე ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზეა დამოკიდებული, ანუ რა მოცულობის მასალას დაიზეპირებს, ეს მისი ინტელექტის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, ვიმეორებ, მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ეს დისკურსიას არ საჭიროებს,'' - აღნიშნა სოფო ბახტაძემ. 

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

წაიკითხეთ სრულად