Baby Bag

„ზაფხულში ბავშვის მეცადინეობამ შეიძლება დიდი ნეგატივიზმი გამოიწვიოს სწავლის მიმართ,“ - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

„ზაფხულში ბავშვის მეცადინეობამ შეიძლება დიდი ნეგატივიზმი გამოიწვიოს სწავლის მიმართ,“ - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა ზაფხულში ბავშვის მეცადინეობის ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა:

„ზაფხულის პერიოდი არის სწორედ იმით გამორჩეული, რომ ბავშვს აქვს საშუალება, ჰქონდეს მეტი კონტაქტები, მეტი ახალი ნაცნობობა დაამყაროს, თამაშის მეშვეობით გამოიმუშაოს უნარები, რაც მერე ცხოვრებაში გამოადგება. ზოგადად „ვამეცადინოთ“ არასწორი მიდგომაა ზაფხულშიც და სკოლის პერიოდშიც. მნიშვნელოვანია ბავშვს დავეხმაროთ, რომ მან პირველი კლასიდანვე გაითავისოს, რომ დამოუკიდებლად აკეთოს თავისი საქმე. მშობლების მაგალითი იძლევა საშუალებას, რომ ბავშვმა ამ მიმართულებით იაროს. როდესაც ის ხედავს, რომ მშობლები კითხულობენ, მასაც უჩნდება ამის სურვილი. ნებისმიერი ძალდატანება, თუდნაც მეცადინეობის მხრივ, აბსოლუტურად არასწორია.

ნებისმიერი ზეწოლა იწვევს უკურეაქციას. ზაფხულში მეცადინეობამ შეიძლება დიდი ნეგატივიზმი გამოიწვიოს სწავლის მიმართ, ცუდად იმოქმედოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ სისტემაზე, ასევე მშობლის ფსიქო-ემოციურ სისტემაზე. სოციალური უნარების გარეშე ადამიანის წარმატება არ არსებობს. რაც გინდა განათლებული იყოს, თუ მისი განათლების, ცოდნის პრეზენტაციის უნარი არ აქვს, ის დიდი მიღწევების მოპოვებას ვერ შეძლებს ცხოვრებაში. ზაფხული ამისთვის გამოვიყენოთ, სჯობს,“ - მოცემულ საკითხზე ზაზა ვარდიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად