Baby Bag

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტი ბავშვებში? - ფსიქიატრი ტატა ბაზღაძე

ფსიქიატრმა ტატა ბაზღაძემ ბავშვებში ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის ძირითადი ნიშნების შესახებ ისაუბრა:

„ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის ძირითადი ნიშნები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა. ყურადღების პრობლემები სკოლის ასაკის პერიოდში არის თვალშისაცემი. ბავშვი არის გაფანტული, დაბნეული, გაკვეთილზე არ უსმენს მასწავლებელს და თითქოს სადღაც დაფრინავს. ასეთი ბავშვები ხშირად კარგავენ ნივთებს, ავიწყდებათ წიგნების წაღება სკოლაში, ავიწყდებათ რა აქვთ დავალება, უჭირთ დავალების ბოლომდე დასრულება. მეორე ჯგუფს რაც შეეხება, ბავშვი ჭარბად აქტიურია, ვერ ისვენებს ერთ ადგილას, მუდმივად ლაპარაკობს გაკვეთილზე, სიტყვის წამოსროლა იცის გაკვეთილზე, როდესაც კითხვა ბოლომდე არ არის დასმული.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. 3 წლამდე არის ჭარბი აქტივობა. ვხედავთ, რომ ბავშვმა რაც სიარული დაიწყო იმის მერე დარბის და არ დადის. ძალიან რთულია მისი ერთ ადგილას გაჩერება ისეთი აქტივობის დროსაც, როგორიც არის ჭამა. ორი წლის ბავშვს თავისუფლად შეუძლია 10 წუთი საკვებ სკამში იჯდეს ან მაგიდასთან და მშვიდად ჭამოს. ჰიპერაქტიური ბავშვები ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან, მშობლები კოვზით დასდევენ და აჭმევენ, ან ურთავენ ტელევიზორს, ხელში აძლევენ პლანშეტს, რომ ეკრანზე იყოს მიჯაჭვული და მშობელმა აჭამოს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას. ჰიპერაქტიურ ბავშვებს სარისკო ქცევები აქვთ, სულ მუდმივად სჭირდებათ ყურადღება.

4-5 წლის ბავშვებს, როდესაც აქვთ აქტივობები, სადაც ჯდომა და მოსმენაა საჭირო, ასეთი ბავშვები თავისთვის თამაშობენ, დარბიან. შეიძლება ჩართული იყოს ბავშვი პროცესში, გაიგონოს, დაიმახსოვროს, მაგრამ მოძრაობს. ასეთ ბავშვებს ბაღის პერიოდში უნდა მივცეთ საშუალება, რომ იმოძრაოს, თუ ის უსმენს. არიან ბავშვები, რომლებიც არ მოძრაობენ ბევრს, მაგრამ არ უსმენენ მასწავლებელს და ხშირად სჭირდებათ პედაგოგის მხრიდან ყურადღების მიქცევა. შეკითხვები არის ძალიან კარგი საშუალება, რომ ბავშვი პროცესში მოაბრუნო,“- მოცემულ საკითხზე ტატა ბაზღაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო:​ „ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად