Baby Bag

„გაუგებარი ფენომენია, რას ნიშნავს „ნერვიული“ ბავშვი... ეს არის გამოგონილი ტერმინი,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვების მისამართით ხშირად გამოყენებული ტერმინის „ნერვიული ბავშვი“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უფროსების მიერ გამოგონილი ტერმინია, რათა ბავშვის ქცევას ნეგატიური შეფასება მისცენ:

„ასეთი ტერმინი არ არსებობს. ეს არის გამოგონილი ტერმინი, რომ მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ქცევას და იმას დავარქვათ ნეგატიური შეფასება. „ნერვიული“ იმას ნიშნავს, რომ მას უნდა მივხედოთ რაღაც ფორმით. სინამდვილეში გაუგებარი ფენომენია, რას ნიშნავს „ნერვიული.“ თუ ბავშვი რეაგირებს რაღაც აკრძალვაზე, ჩავიხედოთ საკუთარ გონებაში. ნებისმიერი ჩვენგანი აკრძალვაზე ვრეაგირებთ. ეს არის თავდაცვა.

ნებისმიერი აკრძალვა, შენიშვნა, მითითება, ბრძანება - ეს ხომ ზეწოლის ფენომენია?! ამაზე ჩვენ თავს ვიცავთ, მაგრამ როგორც კი ბავშვი ამაზე თავს იცავს და რეაგირებს, იმას ვარქმევთ „ნერვიულს.“ ეს მსუბუქი ფორმაა, თორემ მერე არის ჯიუტი, გაუგონარი, დაუჯერებელი და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ მიერ მოგონილია, რომ მივცეთ შეფასება ბავშვის არასწორ ქმედებას.

მოდით, ბავშვების თვალებიდან გამოვიხედოთ და მაშინ სხვანაირად გამოჩნდება ყველაფერი. თუ მშობლებში არის მაღალი შფოთვა, ეს ბავშვებზე კი არ გადადის, ბავშვი უყურებს შფოთვითი ქცევის მოდელს და იმახსოვრებს ამას. მიბაძვა და მოდელირება ფიზიოლოგიური დასწავლის ერთ-ერთი ვარიანტია. ამას აკეთებს ნებისმიერი არსება, რომელიც უყურებს დედას, როგორ იქცევა და იმეორებს. ჩვენი შვილები ბაძავენ ჩვენს ქცევას, უბრალოდ ჩვენ არ გვახსოვს 3 თვის წინ რა ვთქვით. ბავშვს აბსოლუტურად დეტალები ახსოვს. ის დაწვრილებით მოგიყვებათ სად რა იდო და როგორ იდო,“ - მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს დიეტა ძალიან გამოცდილია, ის დაახლოებით 1921 წელს შემოიღეს,“ - ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე

„ეს დიეტა ძალიან გამოცდილია, ის დაახლოებით 1921 წელს შემოიღეს,“ - ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე

ენდოკრინოლოგმა თამარ ზერეკიძემ კეტო დიეტის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ისაუბრა:

„კეტო დიეტა არის დიეტა, როდესაც ცხიმები არის წამყვანი რაციონში. 55-60% დღის რაციონი მოდის ცხიმოვან საკვებზე, შემდეგ მოდის ცილოვანი საკვები და დღის განმავლობაში 50 გრამზე ნაკლები არის ნახშირწყლები.“

​თამარ ზერეკიძის თქმით, კეტო დიეტა ორგანიზმისთვის საკმაოდ დიდი სტრესია:

ზეთსა და კარაქში მომზადებული ხორცი, მაწონი, ხაჭო, ყველი, ნიგოზი, თხილეული და მსგავსი საკვები უფრო არის დღის რაციონში. როდესაც რაღაც კონკრეტული არის პრიორიტეტი და სხვა ტიპის პროდუქტები შეზღუდულია, ეს ძალიან დიდი სტრესია. ჩემთვის ნებისმიერი ასეთი დიეტა არის სტრესული.“

„ეს დიეტა ძალიან გამოცდილია, იმიტომ, რომ ის დაახლოებით 1921 წელს შემოიღეს ეპილეფსიის სამკურნალოდ. ეპილეფსიის მქონე ბავშვებს ამ დიეტით მკურნალობდნენ მანამ, სანამ ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს შემოიღებდნენ. შემდგომში ნახეს, რომ ​წონის კლება ამ დიეტის ფონზე საკმაოდ ეფექტიანია. ერთ-ერთ დიეტის სახეობად დაინერგა კეტო დიეტა. მისი ხანგრძლივი ეფექტი არავინ არ იცის. მიზანშეწონილია, რომ ეს დიეტა გაკეთდეს რამოდენიმე კვირიდან მაქსიმუმ 8-12 თვემდე,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ზერეკიძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად