Baby Bag

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი შვილებისთვის მე ვარ დედა, რომელმაც კიბო დაამარცხა,“- გაიცანით ხათუნა ჭინჭარაშვილი, რომელიც სიმსივნისგან ორჯერ განიკურნა

„ჩემი შვილებისთვის მე ვარ დედა, რომელმაც კიბო დაამარცხა,“- გაიცანით ხათუნა ჭინჭარაშვილი, რომელიც სიმსივნისგან ორჯერ განიკურნა

47 წლის ხათუნა ჭინჭარაშვილმა, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ორჯერ დაუსვეს, კიბოსთან ბრძოლის თავისი ისტორიის შესახებ ისაუბრა. მან 2016 წელს მეუღლე დაკარგა. ამ ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ კი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს:

„ჩემი და კიბოს გაცნობა 2018 წელს მოხდა. პირველი რეაქცია იყო ის, რომ ამას არ ველოდი. პირველი ემოცია იყო, რომ ჩემი შვილების ასაკი გადავთვალე. ხუთწლიანი გადარჩენა ეწერა იქ და ვთქვი, რომ ეს არ მაწყობდა არანაირად. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომამ სიტუაციიდან ამოვსულიყავი. ორი შვილი მყავს, ლექსო და კესო. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რომ სახელი მეთქვა: „კიბო.“ ყველაფერი ვუთხარი ბავშვებს, მაგრამ თვითონ „კიბო“ არ მიხსენებია. ვუთხარი, რომ ხანგრძლივად უნდა ვიმკურნალო, რომ შეიძლება თმა გამცვივდეს. ჩემს შვილებს არ დაუშვიათ არასდროს, რომ ამან შეიძლება დედას რაღაც დაუშავოს. ჩემი შვილებისთვის მე ვარ დედა, რომელმაც კიბო დაამარცხა.“

„კიბოს დიაგნოზი იმასთან შედარებით, რაც ზვიადი იყო ჩემთვის, მართლა არაფერი არ იყო. კიბოს დიაგნოზმა მე შემომატრიალა, რომ გამეგრძელებინა ცხოვრება, არა - არსებობა. იყო მომენტები, როდესაც დილით იღვიძებ და არ გინდა ადგომა. იყო მომენტები, როდესაც რაღაც უნდა მოახერხო და პირველი ნაბიჯები გადადგა. ყველაზე დიდი ემოციები, რაც ჩემში ამ ბრძოლამ გამოიწვია, იყო თმის ცვენა. რომ გგონია დამთავრდა, მეორე დიაგნოზი იყო ისეთი შოკისმომგვრელი, თან ყველაფერი ვიცოდი, რაც უნდა გამევლო. პირველი ემოცია, რაც წამოვიდა იყო, რომ საშინლად მეზარებოდა ამ ყველაფრის თავიდან გავლა. სხვანაირად ვაფასებ ჩემს ცხოვრებას, სხვა ადამიანების ცხოვრებას, ბევრად მარტივად ვუყურებ იმ პრობლემებს, რომლებიც ადრე მაწუხებდა, შეიძლება ითქვას, რომ არაფრის აღარ მეშინია,“- ხათუნა ჭინჭარაშვილმა თავისი ისტორიის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად