Baby Bag

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ - შალვა ამონაშვილი

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ -  შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვების სიზარმაცის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ზარმაცი ბავშვი:

„როგორც წყალი გინდა რომ დალიო და ეძებ, სად დავლიოო, ასე სწავლა ყველას უნდა. არ არის ბავშვი, რომელსაც სწავლა არ უნდოდეს. არ თქვათ ბავშვი ზარმაციაო, მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის. არ არსებობს ზარმაცი ბავშვი. ბავშვი არის ბუნება და ბუნება არასდროს არ დგას ერთ ადგილზე, ყოველთვის რაღაცას ანგრევს, ყოველთვის რაღაცას აშენებს, მიდის და მიდის წინ.“

„ეს არის ბავშვი! ამ დროს ბავშვს მიაწებო იარლიყო, რომ ზარმაცია, ზანტია, არ უნდა, არასწორია. დედები ხშირად დასმენებით მოდიან: „ჩემი შვილი წიგნს არ იღებს ხელში, საშინაო დავალებას არ ასრულებს.“ სულ დასმენებია. თითქოს რა ცუდები არიან შვილები და თვითონ კარგები არიან. დედით უნდა დაიწყო და მამით!“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად