Baby Bag

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

არასდროს ეკამათოთ მეუღლეს დისციპლინის საკითხებზე ბავშვის თანდასწრებით

არასდროს ეკამათოთ მეუღლეს დისციპლინის საკითხებზე ბავშვის თანდასწრებით

მშობლები დისციპლინის საკითხებზე ხშირად ვერ თანხმდებიან, რის გამოც ისინი ზოგჯერ ბავშვის თანდასწრებით კამათობენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, რასაც უფროსები ბავშვის აღზრდისას უშვებენ. ბავშვის აღზრდის საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების ქონა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა საკუთარი პოზიციის დაცვისას გარკვეული წესების გათვალისწინება აუცილებელია, რათა მშობლების უთანხმოებამ საბოლოო ჯამში ბავშვი არ დააზიანოს.

როგორ მოვიქცეთ თუ დისციპლინის საკითხზე მეუღლესთან უთანხმოება გვაქვს?

ბავშვების თანდასწრებით დისციპლინის საკითხებზე არასდროს იკამათოთ

თქვენს მეუღლესთან შეთანხმდით, რომ დისციპლინის საკითხზე ბავშვის თანდასწრებით არასდროს იკამათებთ. თავშეკავება აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ. თუ რაიმე არ მოგწონთ, მეუღლეს ცალკე გაესაუბრეთ. აუხსენით მას, რატომ არ ეთანხმებით მის არჩევანს. მეუღლეს პატივისცემით ესაუბრეთ და აგრესიული ნუ იქნებით. თუ რომელიმე მათგანი პოზიციას დათმობთ, შემდგომში ბავშვთან ის მიდგომა გამოიყენეთ, რომელზეც პოზიციას ორივე შეაჯერებთ.

ყურადღებით მოისმინეთ თქვენი მეუღლის არგუმენტები

ყოველთვის მიეცით თქვენს მეუღლეს შესაძლებლობა აგიხსნათ, თუ რატომ ანიჭებს უპირატესობას დისციპლინის გარკვეულ მეთოდებს. პატივი ეცით თქვენი მეუღლის აზრს მაშინაც კი, თუ მას არ ეთანხმებით. მეუღლესთან დისკუსიისა და კამათის ცივილური ფორმები დადებითი შედეგების მომტანია. აუცილებელი არ არის, რომ დისციპლინის საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო მასთან მესამე მსოფლიო ომი წამოიწყოთ.

კომპრომისზე წასვლის უნარი გამოიმუშავეთ

შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ ბავშვის აღზრდისას შეცდომას უშვებთ და თქვენი მეუღლის პოზიცია უფრო სწორია. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი შეცდომის აღიარება შეძლოთ და მეუღლის რჩევები გაითვალისწინოთ. თუ თქვენი მიდგომების შეცვლას გადაწყვეტთ, ამაში ცუდია არაფერია. ამით შვილებს მაგალითს მისცემთ, რომ შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს და მისი გამოსწორება სწორი ნაბიჯია.

დისციპლინა თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის განხეთქილების მიზეზი არ უნდა გახდეს

დისციპლინის საკითხზე შეუთანხმებლობამ თქვენს ურთიერთობაში ბზარი არ უნდა გააჩინოს. საკუთარ თავს ჰკითხეთ: რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, მეუღლესთან კამათში გამარჯვება თუ თქვენი ქორწინება? კამათის დროს მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე დაფიქრება რთულია, მაგრამ აუცილებელია, რომ მოვლენებს ზოგადი პერსპექტივიდან შეხედოთ. დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვის დისციპლინის საკითხებთან დაკავშირებით თქვენ და თქვენი მეუღლე ერთ გუნდში ხართ.

წყარო:​ imom.com

წაიკითხეთ სრულად