Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს მხარი დაუჭირა,“ - თამარ გაბუნიას განცხადება

„იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს მხარი დაუჭირა,“ - თამარ გაბუნიას განცხადება

იმუნიზაციის საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საბჭომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას მხარი დაუჭირა:

„იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით. ამდენად მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ ​აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანთან სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია ფაიზერის დოზით.“

თამარ გაბუნიამ 60 წლის ზემოთ სინოფარმ/სინოვაკით აცრილი პირებისთვის ბუსტერ დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალ შესწორებაზეც ისაუბრა.

„ახალი შესწორება ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც არიან აცრილი სინოფარმ/სინოვაკის ორი დოზით, ბუსტერ დოზის გამოყენებას არა ექვსი თვის შემდეგ, არამედ მეორე აცრიდან სამი თვიდან ექვსი თვის ინტერვალში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​ტელეკომპანია „მაესტრო“

წაიკითხეთ სრულად