Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენი ბებიები და ბაბუები გამხმარ პურს აძლევდნენ ბავშვს ხელში, ასევე ქათმის ძვლის ნაწილს,“ - პედიატრი მაია სურვილაძე პატარებისთვის კვების საინტერესო მეთოდს გვაცნობს

„ჩვენი ბებიები და ბაბუები გამხმარ პურს აძლევდნენ ბავშვს ხელში, ასევე ქათმის ძვლის ნაწილს,“ - პედიატრი მაია სურვილაძე პატარებისთვის კვების საინტერესო მეთოდს გვაცნობს

პედიატრმა მაია სურვილაძემ მშობლებს ბავშვების მყარ კვებაზე გადაყვანის შემდეგ კვების საინტერესო მეთოდი გააცნო, რომელიც რვა თვის ასაკიდან გამოიყენება:

„ეს მოდის ინგლისიდან. 2005 წელს ინგლისელმა მედდამ 70 წლის ასაკში, როდესაც უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა დანერგა ეს მეთოდი. ბავშვი თვითონ ეცნობა საკვებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ასაკიდან დავიწყებთ. კუნთების მოტორიკა უნდა იყოს განვითარებული იმისთვის, რომ შეძლოს პროდუქტის დაჭერა ორი თითით. თუ ადრე მისცემთ ბავშვს, ინტერესი იქნება ნული. მნიშვნელობა აქვს ფერსაც, საკვების კონსისტენციასაც. მნიშვნელოვანია, რომ ვიზუალურად განასხვავოს ბავშვმა საკვები.“

მაია სურვილაძის თქმით, ეს მეთოდი ახალი არ არის და ბევრ ქვეყანაში გამოიყენება:

„ეს მეთოდი დიდი ხანია, რაც მოდის, პედიატრებისთვის ახალი არ არის. სპეციალური საკვები გამოვიდა ევროპაში, ინგლისში, ამერიკაში. პროდუქტი ისეა დამზადებული, რომ შუა ნაწილი დავიწროვებული აქვს. ეს იმისთვისაა, რომ ბავშვმა კარგად მოჰკიდოს ხელი და მოსჭიდოს. ბავშვი საკვებს ეცნობა, მას სათამაშოს ფუნქცია აქვს. შესაძლოა, სხვა სათამაშოები ნაკლებად აინტერესებდეს. ბევრი მშობელი მოდის და ამბობს, ჩემს შვილს სათამაშო სულ არ უნდა, კოვზები და ქვაბები ურჩევნიაო. შეიძლება თავიდან ერთი კომპონენტისგან შემდგარი პროდუქტი დაუდოთ. რვა თვე ზუსტად ის ასაკია, რომელიც კარგია ასეთი ექსპერიმენტების ჩატარებისთვის.“

„ჩვენი ბებიები და ბაბუები ქათმის ძვლის ნაწილს აძლევდნენ ბავშვს ხელში, ასევე გამხმარ პურს, ახალ ხახვს. ამერიკელი მეცნიერი სპოკი, ასევე უდებდა პროდუქტს ბავშვს და არჩევინებდა. ეს არ არის ახალი მეთოდი. როდესაც ასპირაცია ხდება, საკვების ნაწილები ხვდება სასუნთქ გზებში, ვერ ამოისუნთქავს ბავშვი. ამიტომ სწორად უნდა განვსაზღვროთ როდის დავიწყოთ ეს პირველად. ასეთი სახით ბავშვი იმ რაოდენობას, რაც მას ერთ მოცულობაზე სჭირდება, ვერ შეავსებს,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია სურვილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად