Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედის ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნებისთვის ერთი აუცილებელი პირობის დაცვაა საჭირო,“ - ევგენი კომაროვსკი

„დედის ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნებისთვის ერთი აუცილებელი პირობის დაცვაა საჭირო,“ - ევგენი კომაროვსკი

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც დედების ფსიქიკური წონასწორობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ევგენი კომაროვსკი აღნიშნავს, რომ ოჯახური კონფლიქტების უმთავრეს მიზეზს დედების ზედმეტი გადაღლა და ქრონიკული სტრესი წარმოადგენს. ცნობილი პედიატრის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

თითოეული ოჯახი ბავშვის დაბადებისას ერთსა და იმავე სირთულეებს აწყდება. ​ბავშვზე ზრუნვის ტვირთი უმეტესად დედას აწვება ზურგზე. ყოველდღიური სირთულეები, ძილის უკმარისობა, პირადი და სოციალური ცხოვრების არარსებობა სტრესს აძლიერებს, რასაც ხშირად წყვილები ოჯახურ კონფლიქტებამდე მიჰყავს.

დედების სტრესის უმთავრეს მიზეზს ყოველდღიური, რუტინული საზრუნავით დატვირთვა და საკუთარ თავზე ზრუნვის შეუძლებლობა წარმოადგენს. ნეგატიური ემოციები გროვდება. ეს ყოველივე ბავშვის მშობლებს შორის ურთიერთობის ხარისხზე აისახება. სტრესული გარემო ოჯახის ფუნდამენტს აზიანებს და ბავშვის სიმშვიდესა და უსაფრთხოებასაც ზიანს აყენებს.

​დედის ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნებისთვის ერთი აუცილებელი პირობის დაცვაა საჭირო. დედას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დრო საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. დედამ საკუთარ თავს კვირაში რამდენიმე საათი უნდა დაუთმოს. მამისა და ოჯახის სხვა ზრდასრული წევრების უმთავრეს ამოცანას დედის საჭიროებების დაკმაყოფილება უნდა წარმოადგენდეს. მამამ და ოჯახის სხვა წევრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დედის ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეძლონ.

თუ ოჯახი შეძლებს და რეგულარულად გამოყოფს დროს დედისთვის, რათა მან საკუთარ თავზე ზრუნვა და საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოახერხოს, ეს დადებითად ​იმოქმედებს დედის ემოციურ მდგომარეობასა და შეგრძნებებზე. გარდა იმისა, რომ თავისუფალი დროის გამონახვა დედაზე ახდენს დადებით ზეგავლენას, ის ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვის მშობლების ურთიერთობაზეც.

​წყარო 

წაიკითხეთ სრულად