Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

გონების სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად ოთარ ტატიშვილისგან

გონების სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად  ოთარ ტატიშვილისგან

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ექიმმა ​ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მეხსიერების გასაუმჯობესებელი სპეციალური ვარჯიშები შემოგვთავაზეს. კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ პაციენტებს მეხსიერების დაქვეითების პრობლემა ხშირად აწუხებთ. თუ მსგავსი პრობლემის წინაშე დგახართ, შემდეგი ვარჯიშები აუცილებლად გამოგადგებათ:

„შევეცდებით გასწავლოთ სავარჯიშოები, რომლითაც ავარჯიშებთ გონებას და შეამოწმებთ თქვენს მეხსიერებას. ​ეს ყოველდღიურადაც რომ გავაკეთოთ, არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი მეხსიერება ამით მხოლოდ გაუმჯობესდება. პირველი სავარჯიშო შემდეგია: ეკრანზე გამოჩნდება სიტყვები: წითელი, ყვითელი, ლურჯი. თითოეული ეს სიტყვა სხვადასხვა ფერში განათდება, თქვენ უნდა თქვათ ის, რასაც დაინახავთ.თქვენ უნდა დაასახელოთ ფერები და არა სიტყვები.“

მეხსიერების გასაუმჯობესებლად ეფექტიანია ნახატების სავარჯიშოს შესრულებაც. თქვენ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ ნახატებს და შემდგომ შესაბამის კითხვებს გასცეთ პასუხი:

„მეორე სავარჯიშო ნახატების სავარჯიშოა. ეკრანზე გამოჩნდება ნახატები და შეგიძლიათ ამ ფოტოებს 20 წამი დააკვირდეთ. მერე დაიმახსოვრეთ და უნდა უპასუხოთ კითხვებს: რამდენი ნახატი იყო? რა ნახატი იყო მარცხნივ ზედა კუთხეში? ჩამოთვალეთ ეკრანზე არსებული ცოცხალი არსებები.“

„მესამე სავარჯიშოს ჰქვია 10 წუთი ბნელ ოთახში. ოთახს წრე უნდა დაარტყათ თვალებახვეულმა და ნახოთ, რამდენად გაქვთ დამახსოვრებული თქვენი ოთახი,“ - ​აღნიშნული სავარჯიშო​ების დახმარებით მეხსიერების გაუმჯობესებას წარმატებით შეძლებთ.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად