Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გაიზრდება...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბევრი მშობელი ჩივის ხოლმე, რომ ბავშვი ტყუის და მართალს არ მეუბნებაო. როდესაც ბავშვი მართალს არ ამბობს, მიზეზი აქვს ამას. მას არ უნდა, რომ დედა ან მამა გააღიზიანოს. მშობლებმა რაღაც აუკრძალეს და იმან გააკეთა. ბავშვმა იცის, თუ გაამხელს, შეიძლება დასაჯონ, გაუწყრნენ. აქედან ორი გამოსავალია. ერთი, რომ ვიცი ბავშვი მატყუებს და ხმას ვიმაღლებ: „როგორ ბედავ, შვილო, ჩემთან ტყუილს?“ ვამხელ ბავშვს, კედელთან მივაყენებ: „განა ეს შენ არ გააკეთე?“ მერე ბავშვი იტყვის სიმართლეს და ატირდება. ამით ჩვენ თითქოს აღზრდა მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ არის აღზრდის წესი. ბავშვმა კი იტირა, მაგრამ წყენა რომ დარჩა გულში?! მან იტირა, მაგრამ ეს ტყუილი არსად წასულა, რადგან ის ელოდება, რომ ხვალაც თუ რაიმე მართალს ეტყვის დედას ან მამას, იგივე მოხდება. ამიტომ ეს ტყუილი რჩება და გადადის ჩვევაში.

ბავშვს და ჩვენც გვაქვს საიდუმლო განცდა ჩვენში. ამას ჰქვია სინდისი. სინდისი თანდაყოლილი განცდაა. სინდისმა ყოველთვის იცის, რა უნდა გავაკეთო და რა არ გავაკეთო. ბავშვმაც იცის, რომ ეს ცუდია და ეს კარგია, მაგრამ ცუდს მიეტანება, იმიტომ, რომ იქ მეტი ხალისია, აქ კი ყველაფერი მწყობრშია. ბავშვს თავი მოვაჩვენოთ, ვითამაშოთ, რომ ვითომ დავიჯერეთ მისი ნათქვამი. ჩემი გამომეტყველება ბავშვს თითქოს არწმუნებს, რომ ეს ასეა. ბავშვი თავის თავში გრძნობს, რომ მე შეცდომაში შემიყვანა. მას სინდისი ნელ-ნელა ქენჯნას დაუწყებს. ის გრძნობს, რომ დედა ან მამა მიხვდა რაღაცას, მაგრამ ის მხილებული არ არის. მხილებული რომ არ არის, გულში იტანჯება ბავშვი. ეს არის დაწყებული სამი წლიდან, ძალიან მცირედ, მაგრამ 6-7 წლის ბავშვი ძალიან განიცდის ტყუილს. ზოგჯერ მოგადგება და გეტყვის: „დედა, მე ტყუილი გითხარი შენ.“ ეს იმიტომ, რომ დედამ არ დასაჯა ბავშვი, მიიღო შვილი ისეთი, როგორიც არის. მაშინ მადლობას ვეტყვით, არაფერიაო, ვეტყვით.

ბევრი იკითხავს: „როგორ? მატყუარა გავზარდო ჩემი შვილი?“ ეს იქნება მაშინ, როდესაც მე არ დავუფასე ბავშვს მართლის თქმა. რაღაც დროს ხომ იქნება ბავშვი მართალი? უნდა გამიკვირდეს, გამიხარდეს. განა ერთხელ ან ორჯერ? სამჯერ, თხუთმეტჯერ... ძილის წინ უნდა ვუთხრა მადლობა: „შვილო, შენ როგორი მართალი ბიჭი ყოფილხარ! რა გოგო მყოლიხარ, ასეთი გამბედავი! ძალიან მახარებ ასეთი ქცევით!“ იმ ერთ გმირობას ისე დავუფასებ ბავშვს, რომ ეს უფრო მეტი იყოს მისთვის, ვიდრე ტყუილის თქმა. ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გამეზრდება.

დასჯის პირობებში ბავშვი უფრო ძლიერი მატყუარა იქნება. რაც უფრო მეტია დასჯა, უფრო მეტად ხელოვნურად უნდა მოგატყუოს. როდესაც ის დაინახავს, რომ მის მიერ ჩადენილ საქციელს სასჯელები არ მოჰყვება, ბავშვს არ დასჭირდება ტყუილი. ტყუილი არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვს უგებენ. იქ ბავშვს არ აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს ჩვენ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები, რის გამო რას ამბობს ბავშვი. ის მიზეზი თუ მოუხსენი, აღარ დასჭირდება მას ტყუილი, უბრალოდ იფანტაზიორებს,”- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

წაიკითხეთ სრულად