Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხანდახან ლექსს ისწავლის ბავშვი, ან სურათს დახატავს და უცბად გვინდა, რომ გენიოსობა დავაბრალოთ,“- შალვა ამონაშვილი მშობლების შეცდომებზე

„ხანდახან ლექსს ისწავლის ბავშვი, ან სურათს დახატავს და უცბად გვინდა, რომ გენიოსობა დავაბრალოთ,“- შალვა ამონაშვილი მშობლების შეცდომებზე

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში ნიჭის გამოვლენის თავისებურებებსა და შვილის ნიჭიერებისადმი მშობლების არასწორ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

„ჩვენ რომ ბავშვები გვეზრდებიან, ხანდახან ლექსს ისწავლის ბავშვი, ან სურათს დახატავს, ან რაღაცას გააკეთებს და უცბად გვინდა, რომ გენიოსობა დავაბრალოთ მას. შეიძლება, ბავშვებს ბევრი ტალანტი მოაქვთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მარტო თქვენი შვილი კი არ არის გენიოსი და ტალანტი, სხვებისაც არის. არ ვეცადოთ, რომ ტელევიზიაში ვუჩვენოთ ბავშვი. შეიძლება, გავიდეს 7-10 წელი და ეს აღარ შედგეს.“

„ნიჭი უცნაური მოვლენაა. ახლა არის და მერე უკან დაიხევს, ან მერე გამოჩნდება გვიან და ბავშვობაში თითქოს არანაირი ნიჭი არ ჰქონდა. ბავშვს არ უნდა გავუფუჭოთ სახელი. ვაცადოთ, თუ ნიჭიერია, გამოჩნდება. როდესაც პატარა ბავშვზე ვამბობთ, გინდა თუ არა ყველაზე ნიჭიერი ჩემიაო, ეს უფრო ჩვენი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაა და არა ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა. მოცარტი მამას დაჰყავდა ქალაქიდან ქალაქში. ხან მეფეებს და იმპერატორებს უჩვენებდა მის დაკვრას და ამაში ფულს აძლევდნენ მას. ამის ჟინი ჰქონდა მამას, თორემ მოცარტი მოცარტი იქნებოდა და შეიძლება მისი მემკვიდრეობა მეტიც კი დაგვრჩენოდა, იმიტომ, რომ მისმა ბავშვურმა ცხოვრებამ მას სიცოცხლე შეუმოკლა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია"

წაიკითხეთ სრულად