Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი კლასელები არაფრად მაგდებენ, არავის ესმის ჩემი,“- შალვა ამონაშვილის რჩევები ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში მეგობრების შეძენა უჭირთ

„ჩემი კლასელები არაფრად მაგდებენ, არავის ესმის ჩემი,“- შალვა ამონაშვილის რჩევები ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში მეგობრების შეძენა უჭირთ

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა 12 წლის გოგოს შეკითხვას უპასუხა, რომელსაც კლასში ბავშვებთან დამეგობრების პრობლემა აქვს:

„ვარ 12 წლის გოგო. არავის ესმის ჩემი. ასე გამოდის, რომ ჩემი კლასელები არაფრად მაგდებენ. ერთი კვირა რომ არ მივიდე კლასში, ვერავინ შეამჩნევს. ნუ გწყინსო, რომ მეუბნებიან, ესეც მწყინს. არ მინდა, რომ მწყინდეს. როგორ დავიმეგობრო ბავშვები?“

შალვა ამონაშვილმა 12 წლის მოსწავლეს ურჩია, რომ კლასელებთან ინიციატივა მან თავად გამოიჩინოს და მათ მეგობრობა დაუმტკიცოს:

„ჩემო ძვირფასო, შეუძლებელია, რომ არავინ არ გამჩნევდეს. ვიღაც კიდეც გამჩნევს, თვალს გადევნებს, მოსწონხარ. ხანდახან ასეა, რომ გამჩნევენ, უნდათ, რომ მოვიდნენ, მაგრამ თავმოყვარეობა ხელს უშლით. ეს გულში არ ჩაიდო, რომ ვერ გამჩნევენ, პატივს არ გცემენ. თუ ამას გულში ჩაიდებ, შენვე ჩაკეტავ გზას მეგობრობისკენ. შენს თავს უთხარი: „ყველა მიცნობს, ყველას ვუყვარვარ, მეც მიყვარს ყველა, ყველასთან უნდა ვიმეგობრო.“ ​არ შეიძლება, რომ შენს კლასში ერთი ვიღაც მაინც შენთან არ მეგობრობდეს. დაუმტკიცე იმას შენი კარგი მეგობრობა.“

„არ უცადო, როდის დაგიმტკიცებს სხვა მეგობრობას. შენ დაუმტკიცე ერთგულებით, იმით, რომ არაფერი გშურს მისი, შეეშველო, მოუსმინო, მისი საიდუმლო შეინახო. იმ ერთის მეშვეობით მეორე გაგიჩნდება, მესამე, მეხუთე და მთელი კლასი შენი მეგობარი გახდება. მოთმინება იქონიე. მოუთმენლობას თუ გამოვიჩენთ, შეიძლება მომავალი შეგვეზღუდოს და რაც კარგი უნდა მომხდარიყო, არ მოხდეს. შენი სიყვარული, შენი კეთილი დამოკიდებულება არავის არ მოაკლო კლასში. არ ელოდო, რომ შენ მოგექცნენ კარგად, რომ მერე შენ მოექცე. ეს არის, რაც შენ გაგხდის მაგნიტს და თანდათანობით უფრო მოგიზიდავს მეგობრებს. აბა შენ იცი, როგორ გამოიყენებ ამ რჩევებს,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად