Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს გახანგრძლივებულ რინიტს ბავშვებში? - იმუნოლოგ-ალერგოლოგი მარიკა ვაჩნაძე

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა მარიკა ვაჩნაძემ ბავშვებში გახანგრძლივებული რინიტის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„კოვიდის გადატანის შემდეგ ბავშვებს აქვთ გახანგრძლივებული რინიტი. კლინიკაში მოდიან ბავშვები და მშობლის ჩივილი არის, რომ აქვს გაუთავებელი რინიტი და თან ახლავს წამოხველებები. აქ ცხვირის უკან გადადენის სიმპტომი არის ხოლმე. როგორც წესი, ეს მკურნალობას ექვემდებარება. ცხვირიდან გამონადენი და ცხვირის გაჭედვა ახასიათებს ალერგიულ რინიტსაც. ამასაც უნდა მიაქციოს ხოლმე მშობელმა ყურადღება. შეიძლება იყოს გახანგრძლივებული რინიტი, ამას თან ახლდეს უკვე გაჭედვა და ცხვირის ქავილი, მაგრამ შეიძლება იყოს იზოლირებულად ან რინიტი, ან გაჭედვა. ამ დროს არის ხოლმე ცოტა გაუგებრობა. ვერ ხვდებიან მიზეზს. ამის მიზეზი ისევ ალერგიული პროცესია.

შვიდ წლამდე ასაკში ხშირად არის გართულებები, ძილის დარღვევა, პირღია ძილი, რასაც ხანგრძლივი პროცესის შემთხვევაში, პირის ღრუში ხახის ფორმირება შეიძლება შეიცვალოს, ორთოდონტული პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, არის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, პირის ღრუს გარემო ირღვევა. აქ ძალიან ფაქიზი გარემოა. არის ტუტე გარემო, ლორწოვანის ამომფენი ეპითელიუმი და ამ მხრივ ყურადღება არის მისაქცევი. ადენოიდიც, ტონზილიბც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანდაყოლილ იმუნიტეტში. ამას განსაკუთრებით მიაქციეს ყურადღება კოვიდის შემდეგ.

თანდაყოლილი იმუნიტეტი ძალიან დიდ როლს თამაშობს ორგანიზმის დაცვაში. ის პირველი ბარიერია. გარდა ამისა, წინ წამოიწია ლორწოვანის მნიშვნელობამ სასუნთქ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ლიმფური ჯირკვლები და ლიმფური სადინრები ლიმფურ ორგანოებს მიეკუთვნება და მათი მნიშვნელობის დაკნინება არ შეიძლება. ტონზილი და ადენოიდიც არის პირველადი ბარიერი, რომელიც იცავს სასუნთქ სისტემას შეჭრილი ალერგენისგან თუ მიკროორგანიზმისგან,“- მოცემულ საკითხზე მარიკა ვაჩნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად